Friday, May 21, 2010

წინასაარჩევნო კამპანია ზუგდიდსა და ფოთში

ელისო ჯანაშია
პაატა ლაგვილავა
სამეგრელო

ერთ კვირაში გაირკვევა, ჩააბარებს თუ არა საქართველოს მორიგ ტესტს დემოკრატიაზე, თუმცა სამეგრელოში წინასაარჩევნო კამპანია მაინცადამაინც დიდი ინტენსივობით არ მიმდინარეობს. მმართველი გუნდის გარდა, ზუგდიდში არც ერთი ოპოზიციური პარტიის პლკატი თუ ბილბორდი არ გამოკრულა. ფოთს მხოლოდ მხოლოდ თორთლაძის ბილბორდი ამშვენებს. ადგილობრივ ტელევიზიაში, რადიოსა და პრესის ფურცლებზე არც სარეკლამო რგოლი არ გამოჩენილა. ამომრჩევლების გარკვეულ ნაწილის მიაჩნია, რომ თბილისის მერს ან პრეზიდენტს ირჩევს, რაც იმ კამპანიის ფონზე, რაც სამეგრელოში მიმდინარეობს, საკმაოდ ლოგიკურია.

წინასაარჩევნო კამპანია ფოთში
--------------------

`ჩვენ ვიცით ხალხის განწყობა და დაიმედებული ვართ~, - ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის ფოთის ორგანიზაციის აღმასრულებელმა მდივანმა, საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატმა, კობა ცხადაიამ, ადგილობრივი ტელევიზიის ეთერით გააკეთა. `გაფრთხილებული მყავს ჩემები: ახლოს არ გაეკაროთ არავითარ ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ღონისძიებას და სამუშაოს, რომ სალაპარაკო არ გახდეს. ამ არჩევნებში ოპოზიციის დასამარცხებლად, ჩვენ ეს არ გვჭირდება~, - ეს ზუგდიდში ნაციონალების საარჩევნო შტაბის უფროსის, პარლამენტის დეპუტატის, ლაშა დამენიას განმარტებაა, რომელიც მან `საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოსთან~ გამართულ შეხვედრაზე გააკეთა. ამ ტიპის განცხადებებით პასუხობს მმართველი პარტია ოპონენტების ბრალდებებს ადმინისტრაციული რესურსის შეუზღუდავად გამოყენებასთან დაკავშირებით. ამ განმარტებების შინაარსს თუ ვერწმუნებით, საკუთარ უპირატესობაში დარწმუნებული `ნაციონალები~ მშვიდად ატარებენ წინასაარჩევნო კამპანიას და მოთმინებით ელიან 30 მაისს. რეალურად, ყველაფერი ამგვარად რომ არაა, მას `საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს~ სისტემატური ანგარიშებიც ცხადყოფს. მმართველი პარტია, ყველა მისთვის ხელმისაწვდომი საშუალებით ცდილობს, თვითმმართველობის არჩევნებისთვის ისეთი ვითარება შექმნას, რომ მოგება დამაჯერებელი ანგარიშით იზეიმოს.
სწორედ იმ დღეს, როცა პრეზიდენტი არჩევნების თარიღს ასახელებდა, ფოთის საკრებულომ თავისი ოთხწლიანი მოღვაწეობის მიწურულს უკანასკნელი საბიუჯეტო ცვლილებები განახორციელა. ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნა რამდენიმე წინასწარდაუგეგმავი სოციალური პროგრამა, რაც პირდაპირ ითვლება ფინანსური რესურსების გამოყენებას. მით უმეტეს, რომ ცვლილებების მიმღები საკრებულოს 15 წევრიდან 8 `ნაცმოძრაობის~ პროპორციული სიით საკრებულოში მოსახვედრად ხელახლა იყრის კენჭს.
მასობრივი შვებულება?!------------------
წინასაარჩევნოდ ხელისუფლებამ ერთი, აქამდე ნაკლებად აპრობირებული, მაგრამ მასშტაბების გათვალისწინებით ეფექტური მანიპულაცია ჩაატარა: მიმდინარე წლის 1 აპრილს, მერის ნ139-144 ბრძანებების საფუძველზე, მართვის ტერიტორიული ორგანოებში შტატგარეშეთა რაოდენობა 12 ერთეულით გაზარდა. 23 აპრილიდან კი, შვებულებაში ერთდროულად გავიდა 28 საჯარო მოხელე, ამათგან 18 მართვის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ან სპეციალისტია. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შემავალი 30 სოფლის რწმუნებულიდან შვებულებაში წინასაარჩევნოდ 26 გავიდა, მათ მოვალეობას კი სოფლის რწმუნებულების მოადგილეები ასრულებენ.
ჩნდება ერთი ლოგიკური კითხვა: თუკი სამსახურს იმდენად ჰქონდა კადრების დეფიციტი, რომ სამსახურში დამატებითი თანამშრომლები აიყვანა და მათ ხელფასი სიმწრით შეკოწიწებული ბიუჯეტიდან უნდა მისცეს, მაშინ როგორღა გაუშვა სულ რამდენიმე დღეში შვებულებაში ამდენი ადამიანი? (მაგ. მხოლოდ ცენტრის მუნიციპალიტეტში შვებულებაში ერთდროულად ოთხი ადამიანი); ან პირიქით, თუკი სამსახურს კადრების იმხელა რესურსი აქვს, რომ ერთდროულად რამდენიმე თანამშრომლის შვებულებაში გაშვება შეუძლია, მაშინ რისთვის სჭირდებოდა ახალი თანამშრომლების დამატება?
ანალოგიური მდგომარეობაა საკრებულოშიც, რომლის ძველი შემადგენლობიდან 8 დეპუტატი ხელახლა იყრის კენჭს. საკრებულოს აპარატიდან შვებულებაში შვიდი ადამიანი იმყოფება, ამათგან ოთხს ანაზღაურებული შვებულების დასრულების დღიდანვე უფასო შვებულება აქვთ აღებული.
`საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს~ წარმომადგენლის, ნინა ხატისკაცის განცხადებით, ეს პრაქტიკა წარმატებითაა დანერგილი მთელი ქვეყნის მასშტაბით და იმაზე მეტყველებს, თუ რამდენად ხელოვნურადაა ამ უწყებებში შტატები გაბერილი~, - თუკი თვითმმართველობას შეუძლია, ერთდროულად ორ ათეულზე მეტი თანამშრომელი გაუშვას შვებულებაში, ამათგან ზოგი თვეზე მეტი ხნითაც გამოდის, რომ ეს ადამიანები ამ სამსახურებში ისედაც ზედმეტები არიან, შტატები გაბერილია და ეს ადგილობრივ ბიუჯეტს სოლიდური თანხა უჯდება~, - აცხადებს ხატისკაცი.

ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანა
----------------------------

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩეველთან ქუჩა-ქუჩა და უბან-უბან შეხვედრების მიზანი, ერთის მხრივ, მოსახლეობის პრობლემების ადგილზე მოსმენაა (რაც, სხვათა შორის, არასაარჩევნო პერიოდშიც აუცილებელია), მეორეს მხრივ, კანდიდატების წარდგენისა და დაპირებების უხვად გაცემის ეფექტური საშუალებაა. ადგილობრივი ხელისუფლება, რომლის ნაწილიც საკრებულოში მოსახვედრად იბრძვის, მეორე ნაწილი კი, რომელსაც ამაში შვებულებაში გასული ან გაუსვლელი ეხმარება, ამომრჩევლის გულის მოსაგებად ასეთ ხერხს მიმართავს. მაგალითად, ბოლო პერიოდში მომრავლდა ფოთის ქუჩების მოხრეშვა-დაგრეიდერება, ორმოების ამოვსება და პოპულარული სპორტული მოედნების მოწყობა ისე, რომ არც ერთი ასეთი ობიექტი ან მომსახურება ბიუჯეტში წინანსწარ გათვალისწიებული არ არის. გამომდინარე იქედან, რომ მმართველი პარტია ყველა რესურსის_ადამიანური, მატერიალურ-ტექნიკური, ფინანსურის თუ ხისტის გამოყენების უპირატესობას ფლობს, სწორედ მას მიუწვდება ხელი მსგავსი ტიპის საქმიანობის განხორციელბაზე, რაც ამომრჩეველზე გავლენის მოხდენაში ეხმარება. ბოლო დროს ამ ყველაფერმა საკმაოდ უცნაური სახე მიიღო - დაწყებული საქმის შემდეგ ამომრჩეველს ეუბნებიან, რომ ნაციონალური მოძრაობის არჩევის შემთხვევაში, ისინი დაწყებულ საქმეს გააგრძელებენ. მაგალითად, კაკულიას და ნუცუბიძის ქუჩებზე ე.წ. `ხრეში~ დაყარეს და გაასწორეს, სვანეთის ქუჩაზე კი მხოლოდ დაყარეს, რის შემდეგაც მოსახლეობამ დაპირება მიიღო, რომ ნაციონალების არჩევის შემთხვევაში, დარჩენილი სამუშაოც შესრულდება_ერთგან ასფალტის საფარი დაიგება, ხოლო მეორეგან დაგრეიდერდება. ასევე მოხდა ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ეზოში სპორტული მოედნის მშენებლობის დაპირება ამომრჩეველმა `ნაცმოძრაობის~ მაჟორიტარი კანდიდატისგან მიიღო, სამუშაო ნაწილი შესრულდა და მიწა მოასწორეს, ამის შემდეგ კი მოსახლეობას განუმარტეს, რომ დროებით თანხები არ ყოფნით და დანარჩენს საკრებულოში არჩევის შემდეგ დაასრულებდნენ.
წინასაარჩევნო კამპანია ზუგდიდში
არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ადგილობრივი ოპოზიცია დაშინებაზე, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასა და პოლიტიკური სუბიექტების არათანაბარ საარჩევნო გარემოზე საუბრობს. რამდენიმე დღის წინ, სატელეფონო მუქარა განხორციელდა ზუგდიდის საოლქო კომისიის ოპოზიციონერ წევრ, კონსერვატორ მამუკა აბულაძეზე. მას ფარული ნომრიდან უცნობმა პიროვნებამ დაურეკა. ფარული ნომრის იდენტიფიცირება აბულაძემ ოპერატორი ქსელის ოფისში ვერ მოახერხა. `უცნობმა პიროვნებამ გამაფრთხილა, ხომ იცი, ადგილობრივი არჩევნები ტარდება და თუ არ მოიქცევი ისე, როგორც ხელისუფლებას სჭირდება, სერიოზულ პრობლემებს შეგიქმნითო. ვკითხე, თუ ვინ იყო და რომელი უწყებიდან მირეკავდა, მან კი მიპასუხა, რომ ეს ამ ეტაპზე ჩემთვის საინტერესო არ იყო და თუ გონს არ მოვეგებოდი, ყველაფერს ჩემს თავზე ვიწვნევდი. უცნობი მიმეორებდა, რომ ისე უნდა მოვქცეულიყავი, როგორც ხელისუფლებას აწყობდა~, - განაცხადა ჩვენთან საუბარში ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის კონსერვატორმა წევრმა მამუკა აბულაძემ. აბულაძემ მომხდარის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აცნობა, თუმცა სამართალდამცავი უწყებებისათვის არ მიუმართავს, რასაც პოლიციისადმი უნდობლობით ხსნის.
გარდა ამ ფაქტისა, ზუგდიდში ადმინისტრაციული რესურსის განუსაზღვრელად გამოყენების ფაქტებზეც საუბრობენ. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ნაციონალების ოდიშის მაჟორიტარობის კანდიდატმა, პაპუნა ჯიჭონაიამ, სოფელ ოდიშის ერთ-ერთ უბანში, გამგეობის დაქვემდებარებაში მყოფი ტრაქტორები მიიყვანა და მოსახლეობას მიწა დაუხნა, ამ ფაქტს `სამართლიან საქართველოში~ ეხმაურებიან და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად მიიჩნევენ. ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსს ლაშა დამენია ტრაქტორების შესახებ კონკრეტულულ ინფორმაციას არ ფლობს: - `ახლა მოხვნის სეზონია, შემოდგომაზე არავინ ხნავს. კანდიდატს ეს არ გაუკეთებია, ალბათ, იდგა იქ, სადაც ხნავდნენ. მასაც აქვს მიწა, რომელიც უნდა მოეხნა. მის მაგივრად, იქ ნებისმიერ სხვა კანდიდატს შეუძლია დადგომა. ჩვენ არჩევნების გამო ვერ შევაჩერებთ მშენებლობებს, ვერ გამოვრთავთ შუქს და ამ სამი თვის განმავლობაში მმართველი გუნდი უძრავად ვერ იქნება~, - აცხადებს დამენია.
ოპოზიციის მხრიდან ასევე გაისმის ბრალდება სოფლებში კანდიდატების მიერ მედიკამენტების დარიგების თაობაზე. ნაციონალური მოძრაობის პირველი ნომრის ლევან კონჯარიას მიერ, ნაციონალური მოძრაობის ეგიდით, ზუგდიდის 7 სოფელში წამლები დარიგდა: `ეს მაშინ, მოხდა, როცა ლევანი კანდიდატად წარდგენილი არ იყო. პარტიამ მისწერა `ავერსს~ და `პე-ეს-სეს~, მათ გამოგვიყვეს წამლები და პარტიის ეგიდით დავარიგეთ სოფლებში. როგორც კი პარლამენტის თავმჯდომარე ჩამოვიდა და დაასახელა ლევანი კანდიდატად, მას შემდეგ ეს არ მომხდარა~.
კონჯარიამ ნაცმოძრაობასთან და ზუგდიდის გამგეობასთან ერთად მედიკამენტები 30 მარტის, ანუ საარჩევნოკამპანიის ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ დაარიგა. `ლევანი მაშინ კანდიდატი არ იყო~, - ამ ბრალდებას დამენია ასე პასუხობს. მართალია, ლევან კონჯარია კანდიდატად წარდგენილი არ იყო, მაგრამ წამლებს არჩევნებში მონაწილე სუბიექტი - ნაციონალური მოძრაობა არიგებდა - რაზეც დამენია შემდეგნაირად გვპასუხობს: `ნაცმოძრაობის ეგიდით იყო, მაგრამ ლევანი არიგებდა. როგორც კი მორჩება არჩევნები, ისევ დავიწყებთ წამლების დარიგებას. რადგან ამით ვცდილობთ, სოფელში მცხოვრებ იმ ადამიანებს დავეხმაროთ, ვინც ვერ ახერხებს წამლების შეძენას~.
`ალიანსის~ ზუგდიდის ოფისის პრეს-სამსახურის უფროსი, მაია ღურწკაია ამბობს, რომ, ჯერ კიდევ ახალი წლის დღეებში გახდა ცნობილი, რომ ლევან კონჯარია ნაციონალების პირველი ნომერი იქნებოდა. `იქიდან მოყოლებული ამ ადამიანს მუდმივად აპიარებდნენ. წამლების დარიგება იქნებოდა ეს თუ სხვა ღონისძიებები, ყველგან ლევან კონჯარია ჩანდა~.
კიდევ ერთ დარღვევასა და სოფლის რწმუნებულების საარჩევნო აგიტაციაში ჩართულობაზე საუბრობს `ეროვნული საბჭოს~ მესამე ნომერი, კონსერვატორი, შამგონას მაჟორიტარობის კანდიდატი დემნა ხუბუა. ხუბუა ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ შამგონას სოფლის რწმუნებული გოჩა შენგელია, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს დაყვება და მის რეკლამირებას უკეთებს, - `ხალხს ეუბნებიან, რომ სკოლას სოფლის მაჟორიტარი ააშენებს. გზის მოხრეშვას ახდენენ, მინი ფეხბურთის სტადიონს აშენებენ და ეუბნებიან, რომ ამ ყველაფერს შამგონას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოსო ღურწკაია აკეთებს და ამიტომაც ხმა უნდა მისცეთო~.
ოპოზიციის ამ ბრალდებებსაც ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის უფროსმა ლაშა დამენიამ უპასუხა: `შვებულებაში გასულ მოხელეს კანონმდებლობა არ უკრძალავს, ჩაერთოს საარჩევნო კამპანიაში. რაც შეეხება შამგონას სოფლის რწმუნებულს, მას განცხადება დაწერილი აქვს და შვებულებაშია. ასე, რომ ეს პრობლემას არ წარმოადგენს~. კონსერვატორი დემნა ხუბუა ამბობს, რომ მასობრივად ყველას შვებულებაში გაშვება არჩევნების აბუჩად აგდება და ოპოზიციის არათანაბარ პირობაბში ჩაყენებაა. `სოფლის რწმუნებული თუ მოხსნილია ან შვებულებაშია, რა ესაქმება ყოველდღე სოფლის გამგეობის შენობაში? თუ შვებულებაშია, იქ არც უნდა იყოს და ადმინისტრაციული შენობა არ უნდა გამოიყენოს~, - ამბობს კონსერვატორი დემნა ხუბუა.
მოკლედ, 30 მაისის, არჩევნების შედეგებით გაირკვევა, თუ რამდენად მოახდენს გავლენას მსგავსი, ერთი შეხედვით, `უწყინარი~ და კანონის ჩარჩოებში ჩატეული წანასაარჩევნო კამპანია მოსახლეობაზე.

No comments:

Post a Comment