Friday, May 21, 2010

სკანდალური ღამის დეტალები

და წალდით ჩამოხეული პლაკატები გურიაში

გიორგი გირკელიძე
გურია

13 მაისს, `ერთიანი ნაციონალური მოძრაობის~ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ავთანდილ მექვაბიშვილმა პრესკონფერენციაზე გვამცნო, რომ `სამართლიანი საქართველოსთვის~ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ლელა ნაცვალაძე `ნაცმოძრაობის~ ახალგაზრდული ფრთის წევრებს ხელს უშლის პლაკატების გაკვრაში.
თავად ლელა ნაცვალაძე ამბობს, რომ ახალგაზრდა ნაციონალებისგან მისი სახლის წინ პლაკატების გაკვრა პროვოკაცია იყო.
ავთანდილ მექვაბიშვილი: `კანონის შესაბამისად `ერთიანი ნაციონალური მოძრაობის~ ახალგაზრდულმა ფრთამ დაიწყო ჩვენი პარტიის და კანდიდატების პლაკატების გაკვრა, თანაც, ღამის საათებში, რომ მოსახლეობა არ შეეწუხებინათ. ჩვენ კანონის ფარგლებში იმ ადგილებში ვახდენთ პლაკატების გამომზეურებას, სადაც ამის უფლება გვაქვს.
ოთხშაბათს, ღამით, ჩვენს მიერ გაკრული პლაკატები `ეროვნული საბჭოს~ ერთ-ერთმა ლიდერმა ლელა ნაცვალაძემ ჩამოხია. იგი დაყვებოდა ახალგაზრდებს და პლაკატების გაკვრის საშუალებას არ აძლევდა. ეს არ იკმარა და აქტივისტებს დაემუქრა, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში დაიჭერდნენ. იმ სიტყვებს ვერ გავიმეორებ, რასაც ეს ქალბატონი გაიძახოდა, იგინებოდა, უშვერი სიტყვებით მიმართავდა ახალგაზრდული ფრთის წევრებს. სხვადასხვა შეხვედრებზე გვივარდება და სურს, რომ პროვოკაციებზე წამოგვაგოს, ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ სპეციალური გეგმის მიხედვით მუშაობს, ასეთი ქმედებები, რაც ლელა ნაცვალაძეს ახასიათებს, ქალბატონისთვის მიუღებელია.
მან წალდით ჩამოხია ჩვენი პლაკატები, ეს კი კანონდარღვევაა.
ჩვენ აუცილებლად დავდებთ იმ მასალებს, რომელიც ჩემს ნათქვამს დაადასტურებს. ჩვენმა აქტივისტებმა მოახერხეს და გადაიღეს, თუ რა დღეში იყო ქალბატონი ნაცვალაძე. დროა, ამ ადამიანმა პასუხი აგოს, იგი ძალიან უხეშად, ცინიზმით მოქმედებს. მინდა, ეს ყველაფერი, რაც ამ დღეებში მოხდა, დაფიქსირდეს პრესაში, გაიგონარასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებმა. ნაცვალაძეს კი, ვურჩევ, ნუ ხულიგნობს და დაიცვას საარჩევნო კოდექსი~.
- ბატონო ავთანდილ, ჩვენთვის ცნობილია, რომ თქვენმა აქტივისტებმა ნაცვალაძეს სახლის წინ გაუკრეს პლაკატები.
- ვიცი, რომ ბოძზე იყო გაკრული ჩვენი პლაკატი, ეს ის ადგილია, სადაც შეიძლება საარჩევნოდ პლაკატების გაკვრა.
- რას აპირებს ამ ფაქტთან დაკავშირებით `ერთიანი ნაციონალური მოძრაობა!~
- ჩვენ დავფიქრდებით ამ თემაზე, ნ60 ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიას მივმართავთ, რომ დაიცვას ჩვენი უფლებები.
ლელა ნაცვალაძე: `უკვე კარგა ხანია, დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია, ხელისუფლება გამალებით მუშაობს. `ნაციონალებმა~ უკვე დაიწყეს პლაკატების გაკვრა, სწორედ პლაკატებს ეხება დღევანდელი ჩემი პრესკონფერენცია. მინდა, ვთქვა, რომ რასაც დღეს ახალგაზრდა ნაციონალები აკეთებენ, ეს არის ცინიზმი.
13 მაისს ღამის პირველ საათზე, როცა სახლში დავბრუნდი, აღმაშენებლის ქუჩაზე, ჭიშკართან დამხვდნენ განრისხებული მეზობლები, მათ ხელში ნაციონალების მიერ დახეული პლაკატები ეჭირათ. ისინი საყვედურს გამოთქვამდნენ ნაციონალების აქტივისტების მისამართით, რომლებიც უბნის ახალგაზრდებს ემუქრებოდნენ. პლაკატებს სინათლის ბოძებსა თუ კერძო საკუთრების ჯიხურებზე აკრავდნენ, დიახ, გარდა კანონით მინიჭებული ტერიტორიებისა, აქტივისტები პლაკატებს აკრავდნენ მოსახლის კერძო საკუთრებაზე, რითაც დაარღვიეს კანონი. მეც გავიზიარე ჩემი და ჩემი მეზობლების გულისწყრომა და ჩემი ხელით ჩამოვხსენი `ძვირფასი~ პლაკატი. პროვოკაცია, რომელიც ჩემს წინააღმდეგ დაგეგმა მმართველმა პარტიამ ავთანდილ მექვაბიშვილის დირიჟორობით და განახორციელეს თბილისიდან ჩამოსულმა ხელის ბიჭებმა აკაკი სტურუას ხელმძღვანელობით, ჩამოხსნილი პლაკატები კვლავ გააკრეს, ხელმეორედ ჩამოვხსენი, ისინი კი ვიდეოკამერებით აფიქსირებდნენ ამ ფაქტს. როდესაც პლაკატები ჩამოვხსენი, გუბერნიის ნივიდან მიღებდნენ სურათებს, ისინი ადმინისტრაციულ რესურსს იყენებდნენ, ეს ხომ კანონდარღვევაა?!
როცა ნაცმოძრაობა ავტორიტეტებზე საუბრობს, მათი ავტორიტეტი ილახება მსგავსი ხელის ბიჭების უგუნური ქმედებით, მე არაფრის არ მეშინია და ვაფრთხილებ უბედურ ვითომნაციონალებს. ომი გამომიცხადეთ? ვიღებ გამოწვევას, ყველა თქვენს საქციელს ადეკვატურად ვუპასუხებ!
- ცნობილია, რომ თქვენ სხვა უბნებზეც იყავით.
- მე მხოლოდ ჩემს ჭიშკართან ვიდექი და იქ ვმოქმედებდი.
- ავთანდილ მექვაბიშვილი ამბობს, რომ მათ შეხვედრებზე უვარდებით და პროვოკაციებს უწყობთ.
- მექვაბიშვილი მსოფლიო დონის პროვოკატორი და დემაგოგია, სწორედ ამ საქციელით მოვიდა აქამდე, დამისახელეთ ერთი მისი მეგობარი ან გულშემატკივარი მისი ოჯახის გარდა. იგი კარგი შემსრულებელია, მაგრამ ბოლოს მარტო დარჩება.
`საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის~აღმასრულებელი დირექტორი ლევან ხინთიბიძე ამბობს, რომ საარჩევნო კამპანია უკვე აქტიურ ფაზაში შედის და, რა თქმა უნდა, საარჩევნო სუბიექტებს შორის კონკურენციული დუღილის ტემპერატურა უფრო იმატებს. ამომრჩევლებისთვის, ანუ აქტიური საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქეებისთვის, მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნო შეჯიბრებითობა წარიმართოს კანონიერების ფარგლებში და ერთხელ და სამუდამოდ გაჩნდეს განცდა არჩევნებისადმი, სამართლიანობისა და სანდოობის თვალსაზრისით. თუმცაღა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საარჩევნო სტარტი არათანაბარ პირობებში მიმდინარეობს არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს შორის, რასაც ცხადყოფს ცალკეული ფაქტები სახელისუფლებო პარტიის სასარგებლოდ, უბრალოდ, მთავარია, განვსაზღვროთ თუ რამდენად მოახდენს ეს გავლენას არჩევნების საბოლოო შედეგებზე.
`არათანაბარ პირობებში იგულისხმება ადმინისტრაციული რესურსების, მათ შორის სამსახურებრივი მდგომარეობის ან კიდევ, საჯარო მატერიალური რესურსების აქტიური გამოყენება, რასაც უნდა დაუპირისპირდეს სხვა პოლიტიკური ოპონენტების კანონისმიერ ფარგლებში განსაზღვრული ქმედებები, რაც ეხება დარღვევათა ფაქტების ზუსტ დაფიქსირებას, ინფორმაციის გავრცელებასა და შესაბამის ინსტანციებში გასაჩივრებას. ეს უფრო მეტი ეფექტის მომტანია არჩევნების სამართლიანად ჩატარებისთვის, ვიდრე ხისტი მოქმედება და გამაღიზიანებელი დაპირისპირება, რომელიც შესაძლებელია კანონის ჩარჩოებიდან გამოვიდეს.
რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტს, საარჩევნო პლაკატების, ან კიდევ სააგიტაციო მასალების კერძო საკუთრების შენობა ნაგებობებზე ან სხვა კერძო ობიექტებზე გამოფენის დროს, ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტის მხრიდან, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ აუცილებელია ამ ობიექტების მესაკუთრეების ან კიდევ მათი მფლობელების თანხმობა. წინააღმდეგ შემთხვევაში დარღვეულია ორგანული კანონის - `საქართველოს საარჩევნო კოდექსის~ 75-ე მუხლის მე-3 პუნქტი და ასეთ დროს პლაკატების `ბედი~ უკვე დამოკიდებული იქნება ობიექტის მესაკუთრის ნება-სურვილზე, ხოლო თუ კი პლაკატები გაკრულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, მაშინ დაუშვებელია და კანონით ისჯება საარჩევნო პლაკატების ჩამოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა ან დაზიანება~, - გვითხრა ხინთიბიძემ.

No comments:

Post a Comment