Friday, May 28, 2010

მმართველი პარტია კონცერტებს მართავს, ოპოზიცია კი - საპროტესტო აქციებს

`შეიძლება 21-ე საუკუნეში, ადამიანებს 5 თვის განმავლობაში შუქი არ ჰქონდეთ?!~

დავით შენგელია, ქვემო ქართლი

არჩევნებამდე დარჩენილი რამდენიმე დღე რუსთავში წინასაარჩევნო კამპანიის, კონცერტებისა და სანახაობრივი ღონისძიებების ფონზე მიმდინარეობს: ამომრჩევლებს ხან ქუთაისის მოედანზე ეპატიჟებიან, ხან მერიის წინ - თავისუფლების მოედანზე. ღონისძიების ორგანიზატორი, როგორც წესი, `ერთიანი ნაციონალური მოძრაობა~ ან ადგილობრივი თვითმმართველობაა.
24 მაისს სასტუმრო `რუსთავის~ მიმდებარე ტერიტორიაზე, შოთა რუსთაველის ძეგლთან `ერთიანი ნაციონალური მოძრაობის~ მხარდამჭერი კონცერტი ჩატარდა. კონცერტში მონაწილეობა ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებმა ლელა წურწუმიამ, თამუნა ამონაშვილმა, დუეტმა `ჯორჯიამ~, ბესიკ კალანდაძემ და სხვა შემსრულებლებმა მიიღეს.
კონცერტს რუსთაველებთან ერთად `ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან~ რუსთავში პარტიული სიით წარდგენილი და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიც დაესწრნენ.
25 მაისს კი რუსთავს ლეგენდარული `ბონი ემი~ ეწვია. მათ მიერ დაწყებული კონცერტი მოგვიანებით თბილისიდან მოწვეულმა შემსრულებლებმა გააგრძელეს, მანამდე კი სცენაზე საქართველოს ჩემპიონი კალათბურთში `ენერჯი ინვესტი~ და საგფეხბურთო გუნდი `ოლიმპი~ დააჯილდოვეს.
კონცერტის დაწყებამდე პარტია `თავისუფლების~ აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. `თავისუფლების~ წევრები დავით გარეჯის ქუჩაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი 26 ოჯახისთვის ელექტროენეგრიის მიწოდების აღდგენას მოითხოვენ.
`ნებისმიერი სახელმწიფო პოლიტიკა ადამიანებზე უნდა იყოს ორიენტირტებული, გზებიც კარგია და ფასადებიც შეღებვა, მაგრამ როცა ამას აკეთებ, ადამიანებზეც უნდა იფიქრო. შეიძლება 21-ე საუკუნეში, ქვეყანაში, რომლის ხელმძღვანელიც ლამის ყოველდღე ამბიციურ განცხადებებს აკეთებს და ოქროს კოშკებს აგებს, ადამიანებს 5 თვის განმავლობაში შუქი არ ჰქონდეთ?! ესაა სხელმწიფოს სოციალური პოლიტიკა?~ - კითხულობს მალხაზ გორგასლკიძე, პარტია `თავისუფლების~ ქვემო ქართლის კოორდინატორი, რომელიც, რუსთავის საკრებულოს არჩევნებში პარტიულ სიას უდგას სათავეში.
`ჩვენ ყველა საარჩევნო ოლქში გვყავს მაჟორიტარი კანდიდატები, რომლებიც პროფესიული ნიშნით, პოლიტიკური კარიერით და ბიოგრაფიით შევარჩიეთ. ისინი სხვადასხვა სფეროს სპეციალისტები არიან და თავის დროზე წარმატებებს მიაღწიეს~, - ამბობს მალხაზ გორგასლკიძე.
პარტია თავისუფლების მაჟორიტარი კანდიდატებს შორის არიან: 1. ირაკლი ქაჯაია - `თავისუფლების~ რუსთავის ორგანიზაციის ხელმძღვანელი. 2. ვახტანგ ენდელაძე 3. ნუგზარ მამაიაშვილი - ყოფილი მოჭიდავე 4. ლენა ნოდია 5. გია პაჭაძე - ექიმი-ჰომეოპათი 6. ზაალ ქევანიშვილი - პატრიოტული კავშირის `ჯვარის~ წევრი. 7. დიანა ბედიანაშვილი - ეროვნული მოძრაობის ვეტერანი.
არჩევნების გაყალბების შიში აქვთ `ქრისტიან-დემოკრატებს~, მათ ამ თემაზე საგანგებო ბრიფინგიც კი გამართეს. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ვალერი ტატუაშვილის განცხადებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რუსთავის დაწესებულებიდან რუსთავის საოლქო საარჩევნო კიმისიაში ამომრჩეველთა სპეციალური სიები დღემდე არ შესულა, არადა სიების შეტანის ვადა უკვე ამოიწურა.
`საარჩევნო კოდექსის მე-10 მუხლის მე-4 პრიმა ქვეპუნქტის მიხედვით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა ამომრჩეველთა სიები რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიას უნდა გადასცეს, სიები კი საოლქოში არ არის და ცესკოში დევს, კანონით გათვალისწინებული ვადა კი გასულია.
ჩვენი ინფორმაციით, კოლონიაში აპირებენ არა სპეციალიზირებული საარჩევნო უბნის შექმნას, არამედ ჩვეულებრივი უბნის, სადაც არჩევნებში მონაწილეობას კოლონიის თანამშრომლები მიიღებენ და ხმას მისცემენ, როგორც პროპორციული სისტემით, ასევე მაჟორიტარული დეპუტატობის კანდიდატებს, რაც ყოვლად დაუშვებელია~, - აცხადებს ვალერი ტატუაშვილი.
რუსთავის ნ20 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იოსებ შველიძემ ხაზს უსვამს, რომ საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დარღვევას ადგილი არ აქვს.
`არსებობს ამომრჩეველთა ერთიანი სია და სპეციალური სია. კოლონიის თანამშრომლები სპეციალურ სიაში რომ მოხვედრილიყვნენ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტს ჩვენთვის 1-ელ მაისამდე უნდა მოემართა, მაგრამ რადგანაც ცესკოს მიმართეს, მოხვდნენ ერთიან სიაში. არსებობს ჩვეულებრივი საარჩევნო უბანი და არსებობს გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი, რომელიც შეიძლება კოლონიაში შეიქმნას~, - აღნიშნა იოსებ შველიძემ, რომლის თქმითაც საოლქო კომოისიამ ეს უბანი მართლაც შექმნა.
ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის რუსთავის ორგანიზაციის გენერალური მდივანი და მაჟორიტარობის კანდიდატი ალექსანდრე აბაშიძე აცხადებს, რომ არსებობს იმის შანსი, რომ 30 მაისს ნ87 საარჩევნო უბანზე, რომელიც კოლონიაში ადგილობრივი პერსონალისათვის შეიქმნა, ხმის მიცემა მაჟორიტარული სისტემითაც მოხდეს.
`ჩვენ დღეს ვაპროტესტებთ იმ ფაქტს, რომ რუსთავის კოლონიაში შეიქმნა ნ87 არა სპეციალიზირებული, არამედ ჩვეულებრივი საარჩევნო უბანი, მოვითხოვთ რომ ადგილზე მომუშავე პერსონალს, რომელიც სიაშია შესული და რომელთა 90% არის არარუსთაველი, არ ჰქონდეთ უფლება და საშუალება, რომ მაჟორიტარულ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა და ხმა მხოლოდ პროპორციული სისტემით მისცენ.
გაუგებარია რატომ უნდა მიიღოს სხვა რაიონში ან ქალაქში რეგისტრირებულმა ადამიანმა კონკრეტულად რუსთავის მე-3 მაჟორიტარული ოლქის მაჟორიტარი კადიდატის არჩევნებში მონაწილეობა?!~ - კითხულობს ალექსანდრე აბაშიძე.
ცნობისათვის, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რუსთავის დაწესებულებაში 570 თანამშრომლი მუშაობს.

No comments:

Post a Comment