Friday, May 28, 2010


ნაცმოძრაობამ `ბოლო ზარიც~ საარჩევნოდ გამოიყენა


ელისო ჯანაშია, სამეგრელო

ქალაქის თერთმეტი საჯარო სკოლა 21 მაისს, 400-ზე მეტმა მეთორმეტეკლასელმა დაამთავრა. სპეციალურად, `ბოლო ზარის~ ღონისძიებასთან დაკავშირებით, კულტურის სამსახურის ორგანიზებით, ქალაქის ცენტრალურ პარკში კონცერტი გაიმართა. კონცერტში რამდენიმე ადგილობრივი კოლექტივი და თავად საშუალო სკოლების კურსდამთავრებულები მონაწილეობდნენ. ყველა საჯარო სკოლამ ბოლო ზარისადმი მიძღვნილი თავისი პროგრამიდან საუკეთესო ნომრები წარმოადგინეს.

`თეთრი პერანგები, სამახსოვრო წარწერები, ღიმილი, ცრემლი და ზღვა ემოცია~...
`მე მიყვარს ფოთი~ - ფრაზა, რომელიც დედაქალაქის მსგავსად, ქალაქის მერიის ბრენდია, ღონისძიების სლოგანი იყო და მაისურები ამ წარწერით წამყვანსა და რამდენიმე მოსწავლეს ეცვა. სცენაზე შემოკრულ პოსტერსაც იგივე ფრაზა ამშვენებდა. ღონისძიება ბიუჯეტიდან 2000 ლარით დაფინანსდა.
კულტურის სამსახურის ინფორმაციით, ამ თანხაში შევიდა სცენის მონტაჟი, მონაწილეთათვის ფონოგრამების დამზადება, ტექნიკური უზრუნველყოფა, სპეციალური სიმღერა, რომელიც იმ საღამოს პირველად შესრულდა.
აქვე აცხადებენ, რომ ეს მაისურებიც წარწერით - `მე მიყვარს ფოთი~ - ამ თანხით დამზადდა მაშინ, როცა მაისურები წარწერებით - `მე მიყვარს სკოლა~, რომელიც კონცერტზე გამომსვლელებს ეცვათ მოსწავლეებმა თავიანთი ხარჯით დაამზადეს, რაც საჯარო სკოლის მოსწავლეებმაც დაადასტურეს.
შეკითხვამ, რატომ იყო მოსწავლეთათვის გამართული ღონისძიებისა და `ნაციონალური მოძრაობის~ მიერ წინასაარჩევნოდ გამოყენებული სლოგანი იდენტური, კულტურის სამსახურის უფროსი, მერაბ ასანიძე ცოტათი გააღიზიანა: `როგორ გგონიათ, ნაციონალების გარდა, არავინ იყენებს ამას? ეს ისეთი ბანერია, ამაზე უკეთესს კაცი ვერაფერს ატარებს~, - ამის შემდეგ მან საუბარი ისე მოულოდნელად დაასრულა, ვეღარ მოვასწარით გვეკითხა, სად დაიბადა იდეა ბოლო ზარის ღონისძიების სლოგანის შესახებ: კულტურის სამსახურში თუ `ნაციონალების~ ოფისში და რატომ არ ტარდებოდა იგივე სახის ღონისძიებები არასაარჩევნო წლებში?
ეს თითქოს მცირედი ფაქტი, სინამდვილეში, სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო სტანდარდს ეწინააღმდეგება. `საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს~ ანგარიშში მოყვანილია ეუთოს მისიის ელჩის, ოდრი გლოვერის განცხადება, რომ ეუთო არჩევნებს კოპენჰაგენის დოკუმენტის მიხედვით შეაფასებს, რომელიც ადმინისტრაციული რესურსების საკითხს უფრო ფართოდ არეგულირებს, ვიდრე საქართველოს კანონმდებლობა.
კოპენჰაგენის დოკუმენტით, სავალდებულოა, `პარტიასა და ხელისუფლებას შორის მკვეთრი ზღვარის გავლება~, მმართველი პარტიის მხრიდან მერიის ლოგოს წინასაარჩევნოდ გამოყენებისას კი, რამდენადაა ეს ზღვარი გავლებული, ამ ფაქტს, ალბათ, თავად საერთაშორისო ორგანიზაციები შეაფასებენ.

ფოთში სკვერი შენდება, რომელსაც არავინ აშენებს


ელისო ჯანაშია, სამეგრელო

ფოთში, აღმაშენებლის ნ8-ში, რამდენიმე დღის წინათ, სახელდახელოდ დაიწყო სკვერის მშენებლობა. ამჟამად, მიმდებარე ტერიტორიის ქვებით მოპირკეთების სამუშაოები. დავინტერესდით, სამუშაოების დამკვეთისა და შემსრულებლის ვინაობით. მივმართეთ მერის მოვალეობის შემსრულებელს, გელა ლაგვილავას, მან გვიპასუხა, რომ მერია სამუშაოს დამკვეთი არაა და არც ბიუჯეტიდანაა რამე თანხა ამისათვის გამოყოფილი. მივმართეთ ნაციონალური მოძრაობის ფოთელ ლიდერს, კობა ცხადაიას, რომელმაც გვიპასუხა, რომ ამ სკვერის მშენებლობასთან ნაცმოძრაობას კავშირი არ აქვს.
ამის შემდეგ გავესაუბრეთ თავად მუშებს, რომელთაგან ერთ-ერთმა გვიპასუხა, რომ ისინი დაიბარა ნაცმოძრაობის სიის ერთ-ერთმა წევრმა, პაატა შამუგიამ და ამ სამუშაოს შესრულება დაავალა. კითხვაზე, თუ ვისთან აქვთ კონტრაქტი ან თანხა ვინ უნდა გადაუხადოს, გვიპასუხეს, რომ კონტრაქტი არავისთან გაუფორმებიათდა ამის გაკეთება მათ პაატა შამუგიამ დაავალა.
`რომ მოვრჩებით, გადაგვიხდიან, აბა, რა იქნება~, - აცხადებენ ისინი და სწრაფ ტემპებში მუშაობენ, რადგან, მათი თქმით, სამუშაო 2-3 დღეში, არჩევნებამდე უნდა დამთავრდეს. როგორც საუბრიდან გაირკვა, მათ შამუგია თანხის გადახდას სამუშაოს შესრულების შემდეგ დაპირდა.
მიმდებარე კორპუსის მაცხოვრებლებმა გვითხრეს, რომ მათ ამ სკვერს მერია აკეთებს, რადგან, რამდენიმე ხნის წინ, მათ ამ წინადადებით ქ. ფოთის მერს, ვანო საღინაძეს მიმართეს და მან სწორედ წინასაარჩევნოდ აუსრულა თხოვნა. საღინაძე, ამჟამად, ნაციონალების სიის პირველი ნომერია.
მოქალაქე, ნონა ბასილაიას განმარტებით, მან თავად დაწერა განცხადება სკვერის გაშენების მოთხოვნით, რაზეც მეზობლებმა მოაწერეს ხელი და თავად შეიტანა მერიაში.

`არჩევნებზე თვალები დახუჭეთ...~

და სკანდალური ვიდეო მმართველი პარტიის გორის ოფისიდან
საბა წიწიკაშვილი, შიდა ქართლი

არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე პოლიტიკურ პარტიებზე ზეწოლის ფაქტები გორის რაიონში გახშირდა. თუკი წინასაარჩევნო პერიოდში `საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს~ შეფასებით, დარღვევების შესახებ გორის რაიონიდან ნაკლები ინფორმაცია ვრცელდებოდა, ამ შემთხვევაში ასე აღარ არის. სპეციალური ოპერატიული და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტების თანამშრომლები სოფლებში კანდიდატებად წარმოდგენილ ადამიანებთან დადიან და ეუბნებიან შემდეგ სიტყვებს: `არჩევნებზე თვალები დახუჭეთ~.
`რაც უფრო ვუახლოვდებით არჩევნებს, განსაკუთრებით,სოფლებში, უფრო და უფრო იზრდება ზეწოლის ფაქტები. კონკრეტულიგვარები და სახელები უკვე ცნობილია საერთაშორისოორგანიზაციებისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის,`საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთვის~ და ეს საკითხებიინტერფრაქციული საბჭოს სხდომაზეც განიხილება~, - გვითხრა `ალიანსი საქართველოს~ გორის ორგანიზაციის თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ. მისი თქმით, ყველაზე მეტად სოდი და კუდი აქტიურობს.
იმავე ორგანიზაციის წარმომადგენლის სოსო ბორცვაძის განცხადებით, ყველაზე რთულ უბნებად ის სოფლები რჩება, სადაც აქტიური მხარდამჭერები და კანდიდატები ჰყავთ.
ამომრჩევლების მასიურად დაშინების შესახებ საუბრობს `ეროვნული საბჭოს~ წარმომადგენელი მამუკა კობერიძე. ამ ორგანიზაციის გორის ფილიალს პრობლემები იმანაც შეუქმნა, რომ პროგრამა `კარდაკარ~-ში დასაქმებული ადამიანები დაუპირისპირდნენ. მიზეზი ხელფასების გაუცემლობა დასახელდა.
ანალოგიური პროტესტით ეროვნული საბჭოს კასპის ორგანიზაციაშიც გამოხატეს. ეროვნული საბჭოს კასპის ორგანიზაციის თავმჯდომარემ უკმაყოფილო აქტივისტებს უთხრა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ანგარიშები გაყინა და, შესაბამისად, ხელფასების გაცემა შეფერხდა. გორში პარტიულ შიდა გარჩევას ის შედეგი მოჰყვა, რომ ოფისს დღეს აბრა აღარ აქვს.
`საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო~-მ უკვე რამდენიმე საჩივარი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შეიტანა. ყველაზე გახმაურებული საქმე გორში ის ვიდეო-მასალაა, რომელიც `საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ~ და `ადამიანის უფლებათა ცენტრის~ გორის ოფისის წარმომადგენლებმა `ერთიანი ნაციონალური მოძრაობის~ გორის ოფისში დააფიქსირეს. ინციდენტი აპრილის თვეშია მომხდარი, როდესაც მმართველი პარტიის ოფისში 200-ზე მეტი მასწავლებელი, პედაგოგი, დირექტორი, ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული და მათი სპეციალისტი იმყოფებოდა. მათ შორის, იმყოფებოდა გორის რკინიგზის სადგურის უფროსი.
ვიდეომასალაში ჩანს, რომ მმართველი პარტიის ოფისში საოლქოსაარჩევნო კომისიაში შესატანი განაცხადებები ივსება. ამგანაცხადებების მიხედვით, თითოეული მოქალაქე უთითებს საკუთარმონაცემებს, სამუშაო ადგილს, პირად მონაცემებს და თხოვნას იმისშესახებ, რომ დანიშნოს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად ანთავმჯდომარედ ანდა მის მოადგილედ.
ვიდეომასალაში, მაგალითად, სოფელ ხელთუბნის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი ამბობს, რომ იგი ოთხოვს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ დანიშვნას, რადგან თურმე 1991 წლის არჩევნებიდან აქვს დიდი გამოცდილება.
`ადამიანის უფლებათა ცენტრის~ გორის ოფისმა და `საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ~ გამოითხოვეს საოლქო საარჩევნო კომისიიდან სია იმის შესახებ თუ რომელი პარტიიდან არიან წარდგენილები ოლქში შემავალი საუბნო კომისიების წევრები. აღმოჩნდა, რომ სოფელ ხელთუბნის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად საოლქოს წევრად არის წარდგენილი.
ანალოგიური უნდა აღინიშნოს, სოფელ სვენეთის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლის ჯემალ საათაშვილის მიმართაც. მან განაცხადი ნაციონალური მოძრაობის გორის ოფისში შეავსო და ვიდეომასალაში აცხადებს, რომ მას სურს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეობა. საოლქო საარჩევნო კომისიიდან გამოთხოვილი ინფომაციის თანხმად, ის მართლაც სოფელ სვენეთის საუბნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეა, ოღონდ საოლქო საარჩევნო კომიისიას სახელით.
კითხვა იმის შესახებ, თუ რატომ შეავსეს საოლქოს სახელით წარდგენილმა კანდიდატებმა ანკეტები `ნაციონალების~ ოფისში, ჯერჯერობით პასუხგაუცემელია.
აღნიშნულთან დაკავშირებით, `საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ~ ვიდეომასალა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ოფიციალურად საჩივრის სახით წარუდგინა. დღეს ამ ვიდეომასალასცენტრალური საარჩევნო კომისია იხილავს. საოლქო საარჩევნოკომისიის თავმჯდომარე გიორგი ხორბალაძე ირწმუნება, რომ ყველაგანცხადება საოლქო საარჩევნო კომისიაში ინდივიდუალურად შევიდა,რაც ვიდეომასალას ეწინააღმდეგება.
ვიდეომასალაში კარგად ჩანს ოფისის შიდა ოთახი, სადაც ხდება პირადობის მოწმების ასლების გადაღება. ამ ასლებს მოქალაქეები ანკეტებთან ტოვებდნენ ანა ჯებისაშვილთან.
`საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს~ მიერ წარდგენილ ვიდეომასალაში მმართველი პარტიის წარმომადგენლების განმარტებებიც არის იმის შესახებ, თუ რატომ იმყოფება ასეთი რაოდენობის ხალხი ოფისში.
`ესენი ყველანი არიან ნაცინალური მოძრაობის აქტივისტები, ვახდენთ მათ შერჩევას საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებად დაკომპლექტებაში. ხომ ხედავთ, რა დიდი მოთხოვნაა ნაციონალურ მოძრაობაში~, - ამბობს შტაბის ერთ-ერთი წევრი ვანო ნუსხელიძე.

ოპოზიციურ პარტიებს წინასაარჩევნო კამპანიაში ხელს უშლიან

`მოვარდა დირექტორის მოადგილე, ატეხა წიოკი და მასწავლებლებთან შეხვედრის საშუალება არ მომცა~

გელა მთივლიშვილი, კახეთი

კახეთში ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს წინასაარჩევნო კამპანიაში ხელს უშლიან. ყვარელში `ალიანსი საქართველოსთვის~ კუთვნილი საარჩევნო ბანერი გაანადგურეს, თელავში კი ალიანსის სააგიტაციო მასალას `ნაციონალური მოძრაობის~ პლაკატები გადააკრეს. გურჯაანის საარჩევნო ოლქში `თორთლაძე - დემოკრატიული პარტიიდან~ საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი ლევან ჩოლოყაშვილი აცხადებს, რომ მას ექიმებთან და მასწავლებლებთან შეხვედრის საშუალება არ მისცეს.
დაუდგენელმა პირებმა, ყვარელში, `ალიანსი საქართველოსთვის~ საარჩევნო შტაბის კუთვნილი ბანერი 21 მაისს, ღამით გაანადგურეს. `კიბეს თუ არ გამოიყენებდნენ, ისე ბანერს ვერც ჩამოჭრიდნენ. შტაბის ოფისი ყვარლის ცენტრში მდებარეობს, ქუჩა განათებულია, ხალხი ცხოვრობს. შეუძლებელია, ისე ჩამოეჭრათ, რომ ვერავის დაენახა~, - აღნიშნავს `ალიანსი საქართველოსთვის~ ყვარლის საარჩევნო შტაბის უფროსი ნუგზარ ღონიაშვილი.
მომხდართან დაკავშირებით შს ყვარლის რაიონულ სამმართველოში გამოძიება მიმდინარეობს. სისხლის სამართლის საქმე ქონების დაზიანების მუხლით არის აღძრული.
21 მაისს, ღამით, თელავში, უნივერსიტეტის და საავადმყოფოს ტერიტორიაზე `ალიანსი საქართველოსთვის~ საარჩევნო პლაკატებს `ნაციონალური მოძრაობის~ პლაკატები გადააკრეს. `საარჩევნო პლაკატების დამზადება და მათი გაკვრა მნიშვნელოვან ფინანსურ და ადამინურ რესურსებს მოითხოვს. ჩვენს საარჩევნო ბლოკს შეზღუდული ფინანსური შესაძლებლობები აქვს, რის გამოც პლაკატები დიდი რაოდენობით ისედაც ვერ დავბეჭდეთ. რაც დავბეჭდეთ და გავაკარით, მას კი აზიანებენ და წინასაარჩევნო კამპანიაში ხელს გვიშლიან~, - განაცხადა `ალიანსი საქართველოსთვის~ თელავის საარჩევნო შტაბის უფროსმა ნიკა ვარდოშვილმა.
საქართველოს საარჩევნო კოდექსის 75-ე მუხლის თანახმად, დაუშვებელია და კანონით ისჯება საარჩევნო პლაკატების ჩამოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა ან დაზიანება თუ ისინი აკრძალულ ადგილებში არ არის გაკრული. საარჩევნო კოდექსით დადგენილი მოთხოვნის დარღვევასთან დაკავშირებით `ალიანსი საქართველოსთვის~ თელავის საარჩევნო შტაბის უფროსმა რეაგირებისათვის თელავის საოლქო საარჩევნო კომისიას და ცესკო-ს საინფორმაციო საშუალებებით მიმართა, თუმცა უშედეგოდ.
ოპოზიციური საარჩევნო ბლოკისთვის წინასაარჩევნო კამპანიაში ხელშეშლას უარყოფს `ნაციონალური მოძრაობის~ თელავის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელი ზურაბ ბუცხრიკიძე. მისი თქმით, ნაცმოძრაობის აქტივისტებს, რომლებიც სააგიტაციო მასალებს ავრცელებენ, არანაირი მითითება არ მიუღიათ, რომ პლაკატები ოპოზიციური პარტიების სააგიტაციო მასალებს გადააკრან.
`ეს შეიძლება რომელიმე ახალგაზრდის პიროვნული ინიციატივაა. მეტსაც გეტყვით, დღემდე ჩვენ რაც გავაკარით საარჩევნო პლაკატები, აბსოლუტურად ყველა ჩამოხიეს, მაგრამ არ გვქონია პრეტენზია ოპოზიციონერებთან, რომ ეს მაინცდამაინც მათი გაკეთებულია~, - აღნიშნა ბუცხრიკიძემ.
წინასაარჩევნო კამპანიაში ხელშეშლის ფაქტებზე საუბრობს გურჯაანის საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან ჩოლოყაშვილი. დეპუტატობის კანდიდატის განმარტებით, გურჯაანის რაიონული საავადმყოფოს დირექტორმა გელა ორველაშვილმა და პოლიკლინიკის დირექტორმა სოფიო ქუმსიაშვილმა მას ექიმებთან შეხვედრის საშუალება არ მისცეს. ამასთან, ჩოლოყაშვილის თქმით, ის არც გურჯაანის გიმნაზიაში შეუშვეს.
`პროფესიით ექიმი ვარ და განსაკუთრებით ჩემს კოლეგებთან გასაუბრება მაინტერესებდა. ექიმებთან შეხვედრა დაგეგმილი მქონდა არასამუშაო საათებში, მაგრამ სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებმა უარი განაცხადეს. თქვენ წახვალთ, ჩვენ დავრჩებით და პრობლემები არ გვინდაო.
გურჯაანის გიმნაზიაში კი პედაგოგებთან შესახვედრად დიდ შესვენებაზე მივედი, მაგრამ მოვარდა დირექტორის მოადგილე ქალბატონი, ატეხა წიოკი და მასწავლებლებთან შეხვედრის საშუალება არ მომცა. ეს არის არანორმალური სიტუაცია~, - განაცხადა ლევან ჩოლოყაშვილმა, რომელიც 2010 წლის 30 მაისის შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში კენჭს `თორთლაძე - დემოკრატიული პარტიიდან~ იყრის.

მმართველი პარტია კონცერტებს მართავს, ოპოზიცია კი - საპროტესტო აქციებს

`შეიძლება 21-ე საუკუნეში, ადამიანებს 5 თვის განმავლობაში შუქი არ ჰქონდეთ?!~

დავით შენგელია, ქვემო ქართლი

არჩევნებამდე დარჩენილი რამდენიმე დღე რუსთავში წინასაარჩევნო კამპანიის, კონცერტებისა და სანახაობრივი ღონისძიებების ფონზე მიმდინარეობს: ამომრჩევლებს ხან ქუთაისის მოედანზე ეპატიჟებიან, ხან მერიის წინ - თავისუფლების მოედანზე. ღონისძიების ორგანიზატორი, როგორც წესი, `ერთიანი ნაციონალური მოძრაობა~ ან ადგილობრივი თვითმმართველობაა.
24 მაისს სასტუმრო `რუსთავის~ მიმდებარე ტერიტორიაზე, შოთა რუსთაველის ძეგლთან `ერთიანი ნაციონალური მოძრაობის~ მხარდამჭერი კონცერტი ჩატარდა. კონცერტში მონაწილეობა ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებმა ლელა წურწუმიამ, თამუნა ამონაშვილმა, დუეტმა `ჯორჯიამ~, ბესიკ კალანდაძემ და სხვა შემსრულებლებმა მიიღეს.
კონცერტს რუსთაველებთან ერთად `ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან~ რუსთავში პარტიული სიით წარდგენილი და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიც დაესწრნენ.
25 მაისს კი რუსთავს ლეგენდარული `ბონი ემი~ ეწვია. მათ მიერ დაწყებული კონცერტი მოგვიანებით თბილისიდან მოწვეულმა შემსრულებლებმა გააგრძელეს, მანამდე კი სცენაზე საქართველოს ჩემპიონი კალათბურთში `ენერჯი ინვესტი~ და საგფეხბურთო გუნდი `ოლიმპი~ დააჯილდოვეს.
კონცერტის დაწყებამდე პარტია `თავისუფლების~ აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. `თავისუფლების~ წევრები დავით გარეჯის ქუჩაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი 26 ოჯახისთვის ელექტროენეგრიის მიწოდების აღდგენას მოითხოვენ.
`ნებისმიერი სახელმწიფო პოლიტიკა ადამიანებზე უნდა იყოს ორიენტირტებული, გზებიც კარგია და ფასადებიც შეღებვა, მაგრამ როცა ამას აკეთებ, ადამიანებზეც უნდა იფიქრო. შეიძლება 21-ე საუკუნეში, ქვეყანაში, რომლის ხელმძღვანელიც ლამის ყოველდღე ამბიციურ განცხადებებს აკეთებს და ოქროს კოშკებს აგებს, ადამიანებს 5 თვის განმავლობაში შუქი არ ჰქონდეთ?! ესაა სხელმწიფოს სოციალური პოლიტიკა?~ - კითხულობს მალხაზ გორგასლკიძე, პარტია `თავისუფლების~ ქვემო ქართლის კოორდინატორი, რომელიც, რუსთავის საკრებულოს არჩევნებში პარტიულ სიას უდგას სათავეში.
`ჩვენ ყველა საარჩევნო ოლქში გვყავს მაჟორიტარი კანდიდატები, რომლებიც პროფესიული ნიშნით, პოლიტიკური კარიერით და ბიოგრაფიით შევარჩიეთ. ისინი სხვადასხვა სფეროს სპეციალისტები არიან და თავის დროზე წარმატებებს მიაღწიეს~, - ამბობს მალხაზ გორგასლკიძე.
პარტია თავისუფლების მაჟორიტარი კანდიდატებს შორის არიან: 1. ირაკლი ქაჯაია - `თავისუფლების~ რუსთავის ორგანიზაციის ხელმძღვანელი. 2. ვახტანგ ენდელაძე 3. ნუგზარ მამაიაშვილი - ყოფილი მოჭიდავე 4. ლენა ნოდია 5. გია პაჭაძე - ექიმი-ჰომეოპათი 6. ზაალ ქევანიშვილი - პატრიოტული კავშირის `ჯვარის~ წევრი. 7. დიანა ბედიანაშვილი - ეროვნული მოძრაობის ვეტერანი.
არჩევნების გაყალბების შიში აქვთ `ქრისტიან-დემოკრატებს~, მათ ამ თემაზე საგანგებო ბრიფინგიც კი გამართეს. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ვალერი ტატუაშვილის განცხადებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რუსთავის დაწესებულებიდან რუსთავის საოლქო საარჩევნო კიმისიაში ამომრჩეველთა სპეციალური სიები დღემდე არ შესულა, არადა სიების შეტანის ვადა უკვე ამოიწურა.
`საარჩევნო კოდექსის მე-10 მუხლის მე-4 პრიმა ქვეპუნქტის მიხედვით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა ამომრჩეველთა სიები რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიას უნდა გადასცეს, სიები კი საოლქოში არ არის და ცესკოში დევს, კანონით გათვალისწინებული ვადა კი გასულია.
ჩვენი ინფორმაციით, კოლონიაში აპირებენ არა სპეციალიზირებული საარჩევნო უბნის შექმნას, არამედ ჩვეულებრივი უბნის, სადაც არჩევნებში მონაწილეობას კოლონიის თანამშრომლები მიიღებენ და ხმას მისცემენ, როგორც პროპორციული სისტემით, ასევე მაჟორიტარული დეპუტატობის კანდიდატებს, რაც ყოვლად დაუშვებელია~, - აცხადებს ვალერი ტატუაშვილი.
რუსთავის ნ20 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იოსებ შველიძემ ხაზს უსვამს, რომ საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დარღვევას ადგილი არ აქვს.
`არსებობს ამომრჩეველთა ერთიანი სია და სპეციალური სია. კოლონიის თანამშრომლები სპეციალურ სიაში რომ მოხვედრილიყვნენ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტს ჩვენთვის 1-ელ მაისამდე უნდა მოემართა, მაგრამ რადგანაც ცესკოს მიმართეს, მოხვდნენ ერთიან სიაში. არსებობს ჩვეულებრივი საარჩევნო უბანი და არსებობს გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი, რომელიც შეიძლება კოლონიაში შეიქმნას~, - აღნიშნა იოსებ შველიძემ, რომლის თქმითაც საოლქო კომოისიამ ეს უბანი მართლაც შექმნა.
ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის რუსთავის ორგანიზაციის გენერალური მდივანი და მაჟორიტარობის კანდიდატი ალექსანდრე აბაშიძე აცხადებს, რომ არსებობს იმის შანსი, რომ 30 მაისს ნ87 საარჩევნო უბანზე, რომელიც კოლონიაში ადგილობრივი პერსონალისათვის შეიქმნა, ხმის მიცემა მაჟორიტარული სისტემითაც მოხდეს.
`ჩვენ დღეს ვაპროტესტებთ იმ ფაქტს, რომ რუსთავის კოლონიაში შეიქმნა ნ87 არა სპეციალიზირებული, არამედ ჩვეულებრივი საარჩევნო უბანი, მოვითხოვთ რომ ადგილზე მომუშავე პერსონალს, რომელიც სიაშია შესული და რომელთა 90% არის არარუსთაველი, არ ჰქონდეთ უფლება და საშუალება, რომ მაჟორიტარულ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა და ხმა მხოლოდ პროპორციული სისტემით მისცენ.
გაუგებარია რატომ უნდა მიიღოს სხვა რაიონში ან ქალაქში რეგისტრირებულმა ადამიანმა კონკრეტულად რუსთავის მე-3 მაჟორიტარული ოლქის მაჟორიტარი კადიდატის არჩევნებში მონაწილეობა?!~ - კითხულობს ალექსანდრე აბაშიძე.
ცნობისათვის, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რუსთავის დაწესებულებაში 570 თანამშრომლი მუშაობს.

ოპოზიციის გამოუყენებლი უფლება

`ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წევრებმა, გაუგებარი მიზეზების გამო, უარი განაცხადეს მდივნების დასახელებაზე~

გულო კოხოძე, სამცხე-ჯავახეთი

ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის თანამდებობაზე კანდიდატები დაასახელა, მაგრამ თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე მდივნად პარტიის `ჩვენ თვითონ~ წევრები აირჩიეს.
2010 წელს ოპოზიციის ინიციატივით, საარჩევნო კოდექსში ცვლილება განხორციელდა. საუბნო საარჩევნო კომისიის ოპოზიციური პარტიის წევრებს წელს პირველად შეეძლოთ, საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი ოპოზიციური პარტიიდან აერჩიათ.
საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნობაზე ბორჯომის ოპოზიციურმა პარტიებმა სხვადასხვა მიზეზით უარი განაცხადეს. მხოლოდ 3 კანდიდატი დაასახელა პარტიამ `მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს~ და `გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია - ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება~. დანარჩენი 24 საუბნო კომისიის მდივანი პარტია `ჩვენ თვითონის~ წევრები არიან.
`ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წევრებმა, ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო, უარი განაცხადეს მდივნების დასახელებაზე~, - ამბობს ნ36 ბორჯომის საოლქო სარჩევნო კომისიის თავჯდომარე ლევან დევიძე.
მისივე განმარტებით, საუბნო კომისიის მდივანის მიერ ოქმში რაიმეს გადასწორება 2000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს: `თუ მდივანი მექანიკურ შეცდომას დაუშვებს, შეუძლია დაურთოს შესწორების ოქმი და მას არანაირი ჯარიმის გადახდა არ მოუწევს~.
საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს მნიშვნელოვანი უფლება-მოვალეობები აკისრია. მის მოვალეობაში შედის საჯარო ინფორმაციის გაცემაც.
`საარჩევნო უბანზე ყველაფრის აღრიცხვას მდივანი აწარმოებს. ამ უფლების მინიჭება იმას ნიშნავს, რომ მაქსიმალური კონტროლი ექნებათ არჩევნების სამართლიანად ჩატარებაზე~, - განმარტავს ლევან დევიძე.
ქრისტიან-დემოკრატების ბორჯომის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მარინა ხეცაძის განმარტებით, მათი პარტიიდან უბნებზე 8 მდივნის კანდიდატურა დასახელდა, თუმცა ოლქის მასშტაბით მხოლოდ სამი მდივანი ეყოლებათ: `პარტიის ზოგმა წევრმა მდივნის თანამდებობაზე ჯარიმის გამო თქვა უარი~.
პოლიტიკურ პარტიას `ჩვენ თვითონ~ ბორჯომში რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე არ ჰყავს, არადა ბორჯომში 30 საარჩევნო უბანია და 24 მდივანი სწორედ პარტია `ჩვენ თვითონის~ წევრები არიან.
`მე ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავჯდომარე ვარ და არა სამი პოლიტიკური გაერთიანების. როგორც ჩემთვისაა ცნობილი, პარტიის `ჩვენ თვითონ~ მდივნების დანიშვნა ცენტრალური ოფისიდან მოხდა~, - გვიხსნის მარინა ხეცაძე.
პოლიტიკური პარტია `მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს~ ბორჯომის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს ბესო ფოფხაძეს მიაჩნია, რომ ოპოზიცია მისივე ინიციატივას მოუმზადებელი შეხვდა: `ოპოზიციურ პარტიებს არ ჰყავდათ იმდენი კომპეტენტური კომისიის წევრი, რომ უბნებზე მდივნების მოვალეობა შეესრულებინათ. ოპოზიციას გაუჭირდა საოლქო საარჩევნო კომისიაში კომისიის წევრების დაკომპლექტებაც~.
მისივე თქმით, საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიის უბნები ისეთი ხალხისგანაა დაკომპლექტებული, რომ ხმების გაყალბება არ მოხდება.
პარტიის `ალიანსი საქართველოსთვის~ ოფისში აცხადებენ, რომ მათ სურდათ, საარჩევნო უბნებზე თავჯდომარეებად და თავმჯდომარის მოადგილეებად ოპოზიციური პარტიის წევრები აერჩიათ, თუმცა ეს არ მოხდა.
`მდივნის თანამდებობაზე კომისიის წევრებმა თავად თქვეს უარი სხვადასხვა მიზეზების გამო, ერთ-ერთი მიზეზი ჯარიმა გახდა~, - განმარტავს ბორჯომის რესპუბლიკური პარტიის წევრი ვანო შალუტაშვილი.
მსგავსი მდგომარეობაა ახალციხის მუნიციპალიტეტშიც. ოპოზიციურმა პარტიებმა საუბნო კომისიის მდივნებად კანდიდატები წარადგინეს, მაგრამ...
`მდივნები წარვადგინეთ, მეორე უბანზე, ასევე მეექვსეზეც, მაგრამ არ აირჩიეს~, - გვითხრა ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ახალციხის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენელმა ზაზა ჩიტაძემ.
`არცერთ უბანში მდივანი არ გვყავს. გვყავდა წარდგენილი, მაგრამ არ აირჩიეს~, - განაცხადა საარჩევნო ბლოკ `ეროვნული საბჭოს~ წარმომადგენელმა ახალციხეში ოლეგ სანდროშვილმა.
`ალიანსი საქართველოსთვის~ წარმომადგენელი ახალციხეში თამარ გოგოლაძე მიიჩნევს, რომ როგორც საერთოდ ტარდება არჩევნები გაყალბების ფონზე, სწორედ ასევე მოხდა უბნებზეც წევრების დაკომპლექტება.
`ერთ-ერთ უბანზე კომისიის წევრს შეეკითხნენ და არ იცოდა რომელი პარტიიდან იყო კომისიის წევრად. ვისი დაკომპლექტებულია ეს კომისიის წევრები, ცხადია. ჩვენ არ გყავს უბნებზე მდივნები, არავის არ აწყობს ოპოზიცია მდივნად~, - განაცხადა თამარ გოგოლაძემ.