Friday, May 21, 2010

`სასურველია, საოლქო საარჩევნო კომისიებმა დაცალონ სახელმწიფო შენობები~

საბა წიწიკაშვილი
შიდა ქართლი

შიდა ქართლის ტერიტორიაზე მდებარე ყველა საოლქო საარჩევნო კომისია სახელმწიფო ადმინისტრაციულ შენობაშია განთავსებული. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და წევრებს საშუალება აქვთ, სახელმწიფო სტრუქტურების მაღალჩინოსნებს დღის ნებისმიერ დროს შეხვდნენ და ხელი ჩამოართვან, რადგან გამგეობებს და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს ერთი საერთო შესასვლელი აქვთ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ზურაბ ხარატიშვილმა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს ჩინოვნიკებთან ურთიერთობაში სიფრთხილის გამოჩენა სთხოვა.
საქმე ისაა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი გორში პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და საარჩევნო უბნების წარმომადგენლებს შეხვდა. ხარატიშვილმა საოლქო და საუბნო კომისიის წევრებს გარკვეული რეკომენდაციები მისცა, ხოლო პოლიტიკური პარტიების სუბიექტებისგან წინადადებები და სხვადასხვა დარღვევების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
`თავი ავარიდოთ ისეთ დარღვევებს, რომლებსაც ადგილი აქამდე ჰქონდა. ფიზიკური ხელყოფის საკითხები, რასაკვირველია, სისხლის სამართლის საქმეა, მაგრამ რაც შეეხება ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტებს, აუცილებლად იაქტიურეთ მის აღმოსაფხვრელად და გამოსავლენად. თქვენ თუ ოდნავ მაინც შეხვდებით რაიმე ფაქტს, ეცადეთ, რომ დაფიქსირდეს და არ მოიშოროთ თავიდან საჩივრის დამწერი. ასეთი გადაცდომები ერთად შევისწავლოთ და ამით არჩევნების მიმართ ნდობა გაიზრდება~, - უთხრა ზურაბ ხარატიშვილმა საზოგადოებას გორში.
ხარატიშვილმა კომისიის თავმჯდომარეებს და წევრებს მედიასთან მიმართებაში მაქსიმალური ყურადღების მიქცევა ურჩია. `არ არის აუცილებელი, ჟურნალისტმა შეგაწუხოთ. თუ ჩათვლით საჭიროდ, რომ ესა თუ ის ინფორმაცია მნიშვნელოვანია მედიისადა საზოგადოებისთვის, თქვენ თავადვე უნდა შეაწუხოთ ჟურნალისტები და საკუთარი ინიციატივითვე მისცეთ ინფორმაცია~, - დაამატა ცესკოს თავმჯდომარემ.
სტუმრებმა ყურადღება გაამახვილეს ადმინისტრაციულ შენობებში მოთავსებულ საოლქო საარჩევნო კომისიების ოთახებზე. `სასურველია, მოძებნოთ ახალი შენობები, ჩააყენოთ საქმის კურსში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და შესაბამისი ფართობი გამოიძებნოს~, - ზურაბ ხარატიშვილის ამ რჩევას რამდენიმე საარჩევნო კომისიის წევრის ხმადაბალი რეპლიკა მოჰყვა - `კანონი არ გვიკრძალავს~, რის საპასუხოდაც ზურაბ ხარატიშვილმა განმარტა:
`ვიცი, რომ რამდენიმეგან ადმინისტრაციულ შენობაში მოთავსებულ სხვადასხვა სახელისუფლებო სტრუქტურებს და საოლქო საარჩევნო კომისიებს ერთი საერთო შესასვლელი აქვს. აქედან გამომდინარე, საარჩევნო კომისიის წევრებს, ნებით თუ უნებლიეთ, ჩინოვნიკებთან შეხვედრები ექნებათ. ეცადეთ, მაქსიმალურად ან საერთოდ არ იკონტაქტოთ მათთან. შენობებთან დაკავშირებით კი სასურველია ახალი შენობა მოძებნოთ~, - განაცხადა ზურაბ ხარატიშვილმა.
გორის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი ხორბალაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ამ არჩევნებისთვის, სავარაუდოდ, ახალ შენობაში გადასვლა ვერ მოხერხდება. `მომდევნო არჩევნებისთვის კი დარწმუნებული ვარ, უკვე ახალ შენობაში ვიქნებით. ფიზიკურად მიმდინარე ეტაპზე ვერ მოვასწრებთ~, - გვითხრა ხორბალაძემ.
ცესკოს თავმჯდომარემ ადგილობრივ საარჩევნო კომისიების წევრებს ურჩია, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებს ყურადღება მიაქციონ. განსაკუთრებით თუ ეს ეხება ისეთი პროექტების განხორციელებას, რომელიც ბიუჯეტის დაგეგმვის დროს გათვალისწინებული არ იყო.
რესპუბლიკური პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერმა დავით რაზმაძემ, რომელიც გორის მაჟორიტარ კანდიდატად იყრის კენჭს ადგილობრივ თვოთმმართველობის არჩევნებში, `ალიანსი საქართველოს~ სახელით, განაცხადა, რომ საარჩევნო გარემო საკმაოდ მძიმეა შიდა ქართლში.
`ჩვენ გასულ არჩევნებზე საკმაოდ აქტიურად ვიყავით ჩართული საარჩევნო პროცესში და მაქსიმალურად ვეცადეთ, გაგვეკონტროლებინა მდგომარეობა. ჩვენი წევრი, რომელიც კარალეთის უბანზე გვყავდა მივლენილი, საკუთარი სახლის წინ სცემეს, დღისით, მზისით, ქალაქის ცენტრში. ნიღბიანი ადამიანებს ხელში კასტეტები და იარაღი ეჭირათ. ახალი გამოსული იყო ჩვენი ოფისიდან მას შემდეგ,რაც კუთვნილი ხელფასი აიღო. როგორც ჩანს, ოფისიდან აედევნენ, რადგან ცემის დროს უთხრეს, რომ როდემდე გეყოფა ეგ თანხაო. ამ ბავშვმა მანამდე სასამართლო პროცესზე ხელი დაადო იმ ადამიანს, რომელმაც არჩევნები გააყალბა სოფელ კარალეთში; რომელმაც ბიულეტენები ჩაყარა საარჩევნო ყუთში... სასამართლო პროცესზე ხელი დაადო იმ პიროვნებას. ეს პიროვნება ადგა სასამართლო პროცესიდან და გარეთ გავიდა. ეს რომ სხვა გააკეთოს, ხომ წარმოუდგენელია? დღეს ეს ადამიანი კარალეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობს. მისი სახელი და გვარია სანდრო (ალექსანდრე) მეზვრიშვილი~, - განაცხადა დავით რაზმაძემ.
დავით რაზმაძემ განაცხადა, რომ კასპის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი 60-60 ლარს არიგებს თავის კაბინეტში.
რაზმაძის ინფორმაციას კასპის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის რეაქცია მოჰყვა. `მე ვხვდები, ვისი ინფორმაცია იქნება ეგ. ეგ არის ხათუნა თათანაშვილის ინფორმაცია. მან ჯერ კიდევ წინა არჩევნებში შეცდომაში შეიყვანა მთელი საქართველო, როდესაც მისმა პარტიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კასპის საოლქო საარჩევნო კომისია დაკეტილი იყო. მე პირადად ოთახში ვიყავი, როდესაც დამირეკეს და მითხრეს, ასეთი ინფორმაცია გადის ეთერშიო. არა და იმ დროს ოთახში ვიყავი~, - განაცხადა კასპის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ.
`საერთაშორისო - გამჭვირვალობა საქართველოს~ - შიდა ქართლის კოორდინატორმა კასპის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს დააკონკრეტებინა ის ფაქტი, თუ რა შენობაში მდებარეობს მათი კომისია. კასპის საარჩევნო კომისიაც გამგეობის შენობაში მდებარეობს. ჩვენ `ალიანსი საქართველოს~ კასპის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, ხათუნა თათანაშვილს დავუკავშირდით, რომელმაც დაგვიდასტურა კასპის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ოთახში 60-60 ლარის დარიგების ფაქტი. `ის ადამიანები, ვინც 60 ლარს იღებს, მზად იყვნენ, აღნიშნული ფაქტი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილის თანდასწრებით ეთქვათ, თუმცა ხარატიშვილმა მათ გარანატია ვერ მისცა და, შესაბამისად, საჯაროდ ამის თქმა ვეღარ მოახერხეს~, - გვითხრა ხათუნა თათანაშვილმა.

No comments:

Post a Comment