Friday, May 7, 2010

`ჩვენ თვითონ~ - `ქრისტიან-დემოკრატების~ `მდივნების~ გამარჯვების კვირა

საბა წიწიკაშვილი

გორის საუბნო საარჩევნო კომისიებში ორშაბათს 25 აპრილს გამართულ სხდომებზე მდივნების უმრავლესობა `ქრისტიან-დემოკრატებიდან~ აირჩიეს. მდივნების რაოდენობით ოდნავ ჩამორჩება პოლიტიკური გაერთიანება `ჩვენ თვითონ~, ამ უკანასკნელს პაატა დავითაია ხელმძღვანელობს. აღნიშნულთან დაკავშირებით, გორში მოქმედმა სხვადასხვა პოლიტიკური გაერთიანების რეგიონულმა წარმომადგენლებმა პროტესტი გამოთქვეს. ისინი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და მის `ნაციონალ~ წევრებს უპასუხისმგებლობაში სდებენ ბრალს.
`ალიანსი საქართველოს~ რეგიონულმა წარმომადგენელმა დავით რაზმაძემ განაცხადა, რომ 100-ზე მეტ უბანზე მათი წარმომადგენლობიდან მდივნებად მხოლოდ სამ კომისიაში აირჩიეს. დანარჩენი უბნები `ქრისტიან-დემოკრატებმა~ და პოლიტიკურმა პარტიამ `ჩვენ თვითონ~ გაიყვესო, - ამბობს იგი.
`წარმოდგენა არა მაქვს, ვინ არიან პარტია `ჩვენ თვითონ~-ის წარმომადგენლები. ეს ხალხი აქამდე გორში და მის რაიონში არავის უნახავს. აგრეთვე არ არის საზოგადოებისთვის ცნობილი მათი პარტიის ოფისი, მისამართიც კი~, - განაცხადა დავით რაზმაძემ.
კონსერვატორების წარმომადგენლებმა გორში მხოლოდ წინა ღამეს შეიტყვეს, რომ მომდევნო დილით მათ საუბნო კომისიებში სხდომები ტარდებოდა. კონსერვატორების ხელმძღვანელმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ორშაბათს გამართული სხდომების თარიღის შეტყობინება მათთვის მოულოდნელი იყო.
`დაგვირეკეს წინა ღამით და გვაცნობეს, რომ სხდომები მეორე დილით ჩატარდებოდა. ვერ წარმოიდგენთ ის სიტუაცია, რომელშიც ჩვენ ჩაგვაყენეს. იმ პერიოდისთვის ბევრი ჩვენი წარმომადგენელი აბსოლუტურად მოუმზადებელი იყო. ზოგი წასული იყო საცხოვრებელი ადგილიდან, ზოგი, სხვათა შორის, ოპერაციასაც კი იკეთებდა. ამდენად, ბევრ საუბნო კომისიებში სხდომებზე მონაწილეობას ოპოზიციური პარტიებიდან არც ესწრებოდნენ~, - ამბობს ჯემალ წიკლაური.
შედეგებით კმაყოფილია `ქრისტიან-დემოკრატების~ გორის ოფისის წარმომადგენელი ზურაბ როსებაშვილი. მისი თქმით, ქრისტიან-დემოკრატი `მდივნები~ 57 უბანზე იქნება. ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია ერთი ბლოკიდან. როგორც ცნობილია, ქრისტიან-დემოკრატებთან ერთად ბლოკში შედის პოლიტიკური მოძრაობა `ჩვენ თვითონ~. ალიანსი საქართველოსთვის წარმომადგენელმა დავით რაზმაძემ განაცხადა, რომ მოძრაობა `ჩვენ თვითონ~-ის მდივნები ძირითადად ნაცინალური მოძრაობის წევრები არიან.
ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე აცხადებს, რომ გორში გამარჯვება არ ნიშნავს მთელი საქართველოს მასშტაბით გამარჯვებას. `მართალია, ეს შედეგები ჩვენთვის დამაკმაყოფილებელია გორის საარჩევნო ოლქში, მაგრამ გვაქვს რეგიონები, სადაც ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენლები არ ჩასვეს მდივნებად. მაგალითად, მე შემიძლია, დაგისახელოთ სამცხე-ჯავახეთის საარჩევნო უბნები, სადაც თითქმის საერთოდ არ გვყავს წარმომადგენლობა მდივნების სახით~, - ამბობს ლევან ვეფხვაძე.
გორის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი ხორბალაძე გაოცებულია იმ ინფორმაციით, რომელსაც ოპოზიციური პარტიები ავრცელებენ.
`ჩემთვის გაუგებარია, თუ რა საფუძველი უდევს ამ განცხადებებს~, - კითხულობს გიორგი ხორბალაძე. მან აშკარად გამოხატა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება ოპოზიციური პარტიების მიმართ. არადა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა რეგიონული პრესის წარმომადგენლებთან განაცხადა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს ან საქვეუწყებო რგოლების ხელმძღვანელებს არა აქვთ უფლება საკუთარი განწყობა ან პოზიცია დააფიქსირონ რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიმართ. `ეს მაშინვე მისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მოჰყვება~, - გვითხრა ზურაბ ხარატიშვილმა.
`ალიანსი საქართველოს~ გორის ოფისი კი აგრძელებს მუშაობას. ისინი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ელოდებიან, რომლებიც უახლოეს ხანებში აპირებენ ჩასვლას: `ჩვენ ყველა იმ ინფორმაციას მივაწვდით, რომელიც დარღვევების კუთხით მოვაგროვეთ~, - ამბობს გორელი `ალიანსის~ ერთ-ერთი წარმომადგენელი სოსო ბორცვაძე.
`გორის ნაციონალური მოძრაობის ოფისი მდებარეობს სახელმწიფოს ბალანსზე რიცხულ შენობაში. სამთავრობო პარტია სახელმწიფოს ქირის სახით უხდის მხოლოდდამხოლოდ 200 ლარს. საერთოდ კი ქალაქის ცენტრში, სტალინის სახლმუზეუმის გვერდით მდებარე ოფისის ფართის გაქირავების ფასი საკმაოდ დაბალია. ერთ ოთახიანი ბინა ქალაქის ცენტრში, საბაზრო ღირებულებით შეადგენს 150 ლარს (100 დოლარი). პარტიის ოფისი კი წარმოადგენს ერთ დიდ დარბაზს და სამ ოთახს. აქედან გამომდინარე ნაციონალური ოფისი საკმაოდ დაბალ ფასად ფლობს ქალაქის ცენტრში დიდი მოცულობის ფართს~, - ამბობს სოსო ბორცვაძე.
იმავე დღეებში ნაციონალური მოძრაობის წევრები კანდიდატების წარდგინებით იყვნენ დაკავებულები. გორის სახელმწიფო თეატრის წინ ნაციონალურმა მოძრაობამ კანდიდატები წარადგინა. გამოიყენეს საქართველოს ასობით დროშა. გორის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტში სახელმწიფო დროშების დასამზადებლად ჯერ კიდევ წლის დასაწყისში 2 000 ლარი ჩადეს. აღნიშნული დროშები შეკრებაზე გამოიყენეს.
ასევე გამოიყენეს გორის კულტურის სახლის აპარატურა. გამხმოვანებლები, მიკროფონები და სხვადასხვა სახის აპარატურა. ამ ყველაფერს ორგანიზებას უწევდა კულტურის სახლის უფროსი გურამ მამუკაშვილი.
ოპოზიციურმა პარტიებმა (ალიანსმა, ქრისტიან-დემოკრატებმა და ეროვნულმა საბჭომ) ამ დროისთვის განგვიცხადა, რომ მოსახლეობაში შეხვედრებს მას შემდეგ დაიწყებენ, როდესაც კანდიდატებს ოფიციალურად წარადგენენ. ეს 30 აპრილიდან მოხდება.

No comments:

Post a Comment