Friday, May 28, 2010

ნაცმოძრაობამ `ბოლო ზარიც~ საარჩევნოდ გამოიყენა


ელისო ჯანაშია, სამეგრელო

ქალაქის თერთმეტი საჯარო სკოლა 21 მაისს, 400-ზე მეტმა მეთორმეტეკლასელმა დაამთავრა. სპეციალურად, `ბოლო ზარის~ ღონისძიებასთან დაკავშირებით, კულტურის სამსახურის ორგანიზებით, ქალაქის ცენტრალურ პარკში კონცერტი გაიმართა. კონცერტში რამდენიმე ადგილობრივი კოლექტივი და თავად საშუალო სკოლების კურსდამთავრებულები მონაწილეობდნენ. ყველა საჯარო სკოლამ ბოლო ზარისადმი მიძღვნილი თავისი პროგრამიდან საუკეთესო ნომრები წარმოადგინეს.

`თეთრი პერანგები, სამახსოვრო წარწერები, ღიმილი, ცრემლი და ზღვა ემოცია~...
`მე მიყვარს ფოთი~ - ფრაზა, რომელიც დედაქალაქის მსგავსად, ქალაქის მერიის ბრენდია, ღონისძიების სლოგანი იყო და მაისურები ამ წარწერით წამყვანსა და რამდენიმე მოსწავლეს ეცვა. სცენაზე შემოკრულ პოსტერსაც იგივე ფრაზა ამშვენებდა. ღონისძიება ბიუჯეტიდან 2000 ლარით დაფინანსდა.
კულტურის სამსახურის ინფორმაციით, ამ თანხაში შევიდა სცენის მონტაჟი, მონაწილეთათვის ფონოგრამების დამზადება, ტექნიკური უზრუნველყოფა, სპეციალური სიმღერა, რომელიც იმ საღამოს პირველად შესრულდა.
აქვე აცხადებენ, რომ ეს მაისურებიც წარწერით - `მე მიყვარს ფოთი~ - ამ თანხით დამზადდა მაშინ, როცა მაისურები წარწერებით - `მე მიყვარს სკოლა~, რომელიც კონცერტზე გამომსვლელებს ეცვათ მოსწავლეებმა თავიანთი ხარჯით დაამზადეს, რაც საჯარო სკოლის მოსწავლეებმაც დაადასტურეს.
შეკითხვამ, რატომ იყო მოსწავლეთათვის გამართული ღონისძიებისა და `ნაციონალური მოძრაობის~ მიერ წინასაარჩევნოდ გამოყენებული სლოგანი იდენტური, კულტურის სამსახურის უფროსი, მერაბ ასანიძე ცოტათი გააღიზიანა: `როგორ გგონიათ, ნაციონალების გარდა, არავინ იყენებს ამას? ეს ისეთი ბანერია, ამაზე უკეთესს კაცი ვერაფერს ატარებს~, - ამის შემდეგ მან საუბარი ისე მოულოდნელად დაასრულა, ვეღარ მოვასწარით გვეკითხა, სად დაიბადა იდეა ბოლო ზარის ღონისძიების სლოგანის შესახებ: კულტურის სამსახურში თუ `ნაციონალების~ ოფისში და რატომ არ ტარდებოდა იგივე სახის ღონისძიებები არასაარჩევნო წლებში?
ეს თითქოს მცირედი ფაქტი, სინამდვილეში, სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო სტანდარდს ეწინააღმდეგება. `საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს~ ანგარიშში მოყვანილია ეუთოს მისიის ელჩის, ოდრი გლოვერის განცხადება, რომ ეუთო არჩევნებს კოპენჰაგენის დოკუმენტის მიხედვით შეაფასებს, რომელიც ადმინისტრაციული რესურსების საკითხს უფრო ფართოდ არეგულირებს, ვიდრე საქართველოს კანონმდებლობა.
კოპენჰაგენის დოკუმენტით, სავალდებულოა, `პარტიასა და ხელისუფლებას შორის მკვეთრი ზღვარის გავლება~, მმართველი პარტიის მხრიდან მერიის ლოგოს წინასაარჩევნოდ გამოყენებისას კი, რამდენადაა ეს ზღვარი გავლებული, ამ ფაქტს, ალბათ, თავად საერთაშორისო ორგანიზაციები შეაფასებენ.

No comments:

Post a Comment