Friday, May 21, 2010

`მიშას ვირჩევთ, მიშას~

გელა მთივლიშვილი

2010 წლის 30 მაისს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება, სამ მუნიციპალიტეტში - კი შუალედური საპარლამენტო არჩევნებიც. რეგიონებში წინასაარჩებნო კამპანიას ძირითადად მხოლოდ `ნაციონალური მოძრაობა~ აწარმოებს, არჩევნებში მონაწილე დანარჩენი პოლიტიკური პარტიები და საარჩევნო ბლოკები არ აქტიურობენ.
`ჩვენი რაიონი დღეს უკეთესად გამოიყურება, ვიდრე 4 წლის წინ - გაუმჯობესებული გზებით, განათლების უკეთესი სისტემით და უფრო უსაფრთხო გარემოთი. რაიონებში ჩვენი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი იქნება ერთი საკითხი, რომელიც მოსახლეობისთვის ყველაზე მტკივნეულია. ეს არის დასაქმება და ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა შევქმნათ სამუშაო ადგილები. ამისათვის უნდა მოვიზიდოთ სახსრები ახალი საწარმოებისთვის, დავეხმაროთ მცირე მეწარმეებს და ფერმერებს ბიზნესის გაფართოებაში, დაუღალავად ვიშრომოთ, იმიტომ, რომ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია~, - ამ შინაარსის ბუკლეტები სახელისუფლებო პარტიის აგიტატორებმა კარდაკარ, კახეთის ყველა სოფელში დაარიგეს. სხვა საარჩევნო სუბიექტებს ბუკლეტები არ დაურიგებიათ, არც სარეკლამო აბრები აქვთ დაკავებული და არც აგიტატორებით აქტიურობენ. ოპოზიციური პარტიებიდან გამონაკლისი მხოლოდ `ეროვნული საბჭო~ იყო. ამ საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიის მოძრაობა `სამართლიანი საქართველოსთვის~ აქტივისტები კარდაკარ დადიოდნენ და პარტიის აგიტაციას ეწეოდნენ, თუმცა მათ დაპირებული ხელფასები არ გადაუხადეს და კამპანიაც შეწყდა.
სადამკვირვებლო ორგანიზაციების ინფორმაციით, სახელისუფლებო პარტია საარჩევნო ხმების მოსაგროვებლად წინასაარჩევნოდ აქტიურად იყენებს ფინანსურ რესურსებს.
`საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს~ ანგარიშის მიხედვით, კახეთში 2007-2009 წლებთან შედარებით, 2010 წელს თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ პირთა რიცხოვნობა და შრომის ანაზღაურება მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. მაგალითად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში შტატების რაოდენობა 21 შტატით გაიზარდა, შრომის ანაზღაურების თანხა კი 42 700 ლარით; გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობას 3 შტატი დაემატა, თუმცა სახელფასო ფონდი 59 800 ლარით გაიზარდა; ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შტატების რაოდენობას 86 შტატი დაემატა, ძირითადად ტერიტორიულ ორგანოებში, შრომის ანაზღაურება 99 500 ლარით გაიზარდა.
2010 წელს მუნიციპალიტეტების დიდ ნაწილში სოფლის რწმუნებულების ადმინისტრაციების ხარჯებიც გაიზარდა. საშტატო რიცხოვნობის ზრდასთან დაკავშირებული ცვლილებები 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების წინაც განხორციელდა, 2009 (არასაარჩევნო) წელს კი ამ კუთხით ზრდა, პრაქტიკულად არ ყოფილა.
`საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ზოგიერთ თვითმმართველობაში საოფისე ხარჯები წინასაარჩევნო პერიოდში გაცილებით მეტია, ვიდრე არჩევნების შემდეგ. მაგალითად, ლაგოდეხში გამგეობის აპარატის საოფისე ხარჯები პირველ და მეორე კვარტალებში სულ 35 000 ლარია, ხოლო მესამე და მეოთხე კვარტალებში - 15 000 ლარი. ლაგოდეხის ტერიტორიული ორგანოების საოფისე ხარჯები მეორე კვარტალში 20 000 ლარია, ხოლო დანარჩენებში ერთად - 20 ათასი ლარი~, - ამბობს `საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს~ პროგრამების დირექტორი ნინა ხატისკაცი.
ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტების ანალიზიდან ასევე ირკვევა, რომ ზოგიერთი ღონისძიება მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში ფინანსდება, არჩევნების შემდეგ კი დაფინანსება მნიშვნელოვნად მცირდება ან საერთოდ ქრება. მაგალითად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის ხარჯების 70% მარტ - ივნისში იხარჯება. ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილი 2 242 500 ლარიდან ამ თვეებზე 1 678 700 ლარი მოდის; ბინათმშენებლობის ხარჯები 62 500 ლარის ოდენობით, მხოლოდ მარტზეა გამოყოფილი; გარე განათების რეაბილიტაციისა და ექსპლუატაციის ხარჯები, 98 100 ლარის ოდენობით, მეტწილად მარტის თვეზეა გამოყოფილი. შემდეგ თვეებში ეს ხარჯები თვეში 10 000 ლარამდე მცირდება; სპორტული ღონისძიებების დიდი ნაწილი მარტ - აპრილში ფინანსდება, შესაბამისად, 31 200 და 23 100 ლარით. შემდეგ თვეებში ეს ხარჯები თვეში 5 ათას ლარამდე მცირდება; სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის ხარჯების 58%, ანუ მთლიანი 300 500 ლარიდან 174 200 ლარი თებერვალ - მაისზე მოდის. შემდეგ თვეებში დაფინანსება მკვეთრად მცირდება; საგანმანათლებლო ღონისძიებების დიდი ნაწილი ასევე თებერვალ - მარტში ფინანსდება, შესაბამისად, 168 300 და 116 400 ლარით. შემდეგ თვეებზე ამ თანხების მხოლოდ მესამედი რჩება.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დაფინანსებისთვის პირველ და მეორე კვარტალებში მთლიანად 222 300 ლარია გამოყოფილი, მესამე და მეოთხე კვარტალებში კი 155 600 ლარი; ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და ექსპლუატაციის ხარჯები პირველ და მეორე კვარტალებში ერთად 197 000 ლარია, მესამე და მეოთხე კვარტალებში კი 92 500 ლარი; კულტურული ღონისძიებები, 17 000 ლარის ოდენობით, მხოლოდ პირველ და მეორე კვარტალებში ფინანსდება. მესამე და მეოთხე კვარტალებში მათი დაფინანსება საერთოდ არ არის გათვალისწინებული.
2007-2009 წლებთან შედარებით, 2010 წელს ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტებში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი სოციალური, ჯანმრთელობის დაცვის და ინფრასტრუქტურული პროგრამების დაფინანსება. სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დიდი ნაწილი მოკლევადიანი ან ერთჯერადი ხასიათისაა. მაგალითად, გურჯაანის მუნიციპალიტეტში 13 სხვადასხვა სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა ხორციელდება. ამდენივე განხორციელდა 2008 (საარჩევნო) წელს. 2007 და 2009 წლებში კი მხოლოდ 9 - 9 პროგრამა ხორციელდებოდა.
2010 წლის 1 მარტიდან თელავის მუნიციპალიტეტში ავტობუსით მგზავრობა უფასო გახდა, რისთვისაც 50 000 ლარია გამოყოფილი. წინა წელს ასეთი ან მსგავსი ინიციატივა არ განხორციელებულა. ამასთან, `საერთაშორისო გამჭვირვალობის~ ანგარიშის თანახმად, ტრანსპორტის ხარჯების დაფინანსება საერთოდ არ განეკუთვნება ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციას. ახმეტის მუნიციპალიტეტში ავადმყოფთა მკურნალობის ხარჯების დასაფარად 40 000 ლარია გათვალისწინებული, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარებისათვის 60 000 ლარი; სოციალურად დაუცველი მოსახლეობის გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურებისათვის 10 000 ლარი; მოსახლეობის ტრანსპორტით მომსახურებისათვის 4 000 ლარი; 2007 - 2009 წლებში ასეთი ხარჯი საერთოდ არ იყო გათვალისწინებული. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლ მეომართა ერთჯერადი დახმარებისათვის 3 600 ლარია გათვალისწინებული. 2007-2009 წლებში ასეთი დახმარება საერთოდ არ ფინანსდებოდა.
`საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს~ პროგრამების დირექტორის ნინა ხატისკაცის თქმით, 2010 წელს განხორციელებული საბიუჯეტო ცვლილებების შედეგად, ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტებში გაჩნდა არაერთი ისეთი ინფრასტრუქტურული, საყოფაცხოვრებო და სხვა ტიპის ხარჯი, რომელიც 2007 - 2009 წლების და 2010 წლის თავდაპირველ ბიუჯეტებში გათვალისწინებული არ ყოფილა. მაგალითად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 2010 წლის 26 თებერვლის ცვლილებებით მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების შეკეთება 297 000 ლარით დაფინანსდა. ამ პროგრამისთვის 2009 წელს 9 900 ლარი იყო გამოყოფილი. იმავე ცვლილებებით სპორტული მოედნების მოწყობისათვის 157 700 ლარი გამოიყო.
სტატიაზე მუშაობისას კახეთის რამდენიმე სოფელში 50-მდე ადამიანი გამოვკითხეთ. გამოკითხულთა უმრავლესობის თქმით, არჩევნებში ხმას მიხეილ სააკაშვილს აძლევენ. პრეზიდენტს ყველაზე მეტი მხარდამჭერი ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში ჰყავს.

No comments:

Post a Comment