Friday, May 28, 2010

აჭარაში საარჩევნო კოდექსს ყოველ ფეხის ნაბიჯზე არღვევენ

`რასაც ჩვენ გეტყვით იმას თუ არ გააკეთებ და როცა ჩვენ გეტყვით თუ არ გაჩუმდები, რაც მოგივა შენს თავს დააბრალე~

ცაგო კახაბრიშვილი, აჭარა

17 მაისს, ბათუმის მერიამ კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლებს სამედიცინო დაზღვევის პოლისები გადასცა. დაზღვევა სხვადასხვა სახის სამედიცინო და სტაციონარულ მომსახურებას ითვალისწინებს. ეს პროგრამა ბათუმის საკრებულომ 2009 წლის ბოლო სხდომაზე, 30 დეკემბერს დაამტკიცა და მისი განხორციელებისთვის 2010 წლის ბიუჯეტში 270 ათასი ლარი გაითვალისწინა. პროგრამა მარტის თვეში უნდა დაწყებულიყო, რაც ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს სადაზღვევო მომსახურებით სარგებლობის საშუალება მარტის თვიდანვე უნდა მისცემოდათ.
2010 წლის 4 მარტს, სპეციალურად ამ საკითხთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე, ბათუმის საკრებულოს წევრმა დავით რობაქიძემ, მერია პროგრამის დაწყების შეგნებულად გაჭიანურებაში დაადანაშაულა. `ეჭვი მაქვს, რომ წინასაარჩევნოდ უნდათ სერტიფიკატების დარიგება და ამ კატეგორიის ამომრჩევლის გულის მოგება~, - აცხადებდა რობაქიძე.
მერიის ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის უფროსმა სოფიო მიქელაძემ, მაშინ მედიასთან საუბარში ბრალდება კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ სადაზღვევო პაკეტით მასწავლებლები მარტიდანვე ისარგებლებდნენ.
სადაზღვევო კომპანია `იმედი ელ~-ის წარმომადგენლის, სანდრო ქანთარიას განმარტებით, `დაზღვევა 1-ლი აპრილიდან შევიდა ძალაში. რაც შეეხება სადაზღვევო პოლისების გადაცემას, უბრალოდ, გაკეთდა სიუჟეტი - მერია გაზღვევთ. ამ ადამიანებს დაზღვევით გათვალისწინებული მომსახურებით სარგებლობა კი 1-ლი აპრილიდან პირადობის მოწმობის საშუალებით შეეძლოთ~.
ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის განყოფილების უფროსის, მარინე რუხაძის განცხადებით, `პროგრამის დაგვიანებით დაწყება ტენდერის გაჭიანურებამ გამოიწვია~.
17 მაისს მასწავლებლებს სერტიფიკატები მერიის შენობაში გადასცეს.
ვინ აზიანებს საარჩევნო პლაკატებს?
---------------------
24 მაისს, ღამის 2 საათზე, `ალიანსის~ ერთ-ერთ კოორდინატორს მეზობლად მცხოვრებმა ბიძაშვილმა დაურეკა და შეატყობინა, რომ ქუჩაში უცნობი პირები ოპოზიციური პარტიების საარჩევნო პლაკატებს აზიანებდნენ.
`ინფორმაციის გადამოწმების მიზნით სასწრაფოდ გამოვედი გარეთ. ეს ანგისის უბანში მოხდა. ცენტრალური ქუჩის მიმდებარედ მოძრაობდა ვერცხლისფერი ოთხკარიანი ჯიპი ხჭხ-434, რომელშიც მძღოლის გარდა კიდევ ოთხი პიროვნება იმყოფებოდა. ჩემმა ახლობელმა მათ აივნიდან გადასძახა, თუ რატომ ხევდნენ პლაკატებს, თუმცა მათ პასუხი არ გაუციათ და გზა გააგრძელეს~, - განაცხადა ნუგზარ ხაჯიშვილმა გაზეთ `ბათუმელებთან~ სატელეფონო საუბარში.
საარჩევნო ოლქი გამგეობის შენობაში
------------------
ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისია გამგეობის შენობაშია განთავსებული. ოლქის თავმჯდომარის, მანუჩარ გამყრელიძის განცხადებით, შენობის ნაწილი, სადაც ამჟამად ისინი მუშაობენ, უზურფრუქტის წესით აქვთ გადაცემული. ოლქის წევრები კი, გარდა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისა, აპოლიტიკური პირები არიან და გამგეობის შენობაში მუშაობა მათ არანაირ დისკომფორტს არ უქმნის.
იურიტ გია ქარცივაძის განმარტებით, `საქართველოში მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობა, მათ შორის საარჩევნო კოდექსი, იმასთან დაკავშირებით თუ სად უნდა განთავსდეს საოლქო საარჩევნო კომისია (და არა საუბნო საარჩევნო კომისია) არანაირ დათქმებს (მითითებებს) არ აკეთებს. გამომდინარე იქედან, რომ ამ ფაქტის მიმართ საკანონმდებლო აკრძალვა არ არსებობს, შესაბამისად, არ არსებობს კანონშეუსაბამობაც (ანუ უკანონობა). ამ მოუწესრიგებელმა სივრცემ კი გამოიწვია ის, რომ საოლქო საარჩევნო კომისიები ხშირ შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის ან აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების შენობებში არიან განთავსებულნი~.
ქარცივაძის მოსაზრებით, აღნიშნული გარემოება განპირობებულია იმით, რომ ხელისუფლება ნაკლები დანახარჯებით უზრუნველყოფს საერთო სახელმწიფოებრივი საქმის კეთებას, რაც უგულებელყოფს პრინციპს - `დემოკრატია ძვირად ფასობს~. `აღსანიშნავია, რომ ნაკლები დანახარჯებით დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის გზებს თანამედროვე მსოფლიოს ისტორია არ იცნობს და, ამ საკითხში, არც ჩვენ უნდა ვიყოთ გამონაკლისები~, - ამბობს გია ქარცივაძე.
ზეწოლის ფაქტი
-------------
ჩაქვის ნ14 საარჩევნო უბნის წევრს მადონა აბაშიძეს, უბნის რწმუნებული მერაბ ხოზრევანიძე შემდეგი სიტყვებით დაემუქრა: `რასაც ჩვენ გეტყვით იმას თუ არ გააკეთებ და როცა ჩვენ გეტყვით თუ არ გაჩუმდები, რაც მოგივა შენს თავს დააბრალე~. მადონა აბაშიძე კომისიაში `ეროვნული საბჭოდანაა~ წარდგენილი.
ეს ინფორმაცია `ბათუმელებს~ ამავე გაერთიანების წევრმა ელგუჯა გოგმაჩაძემ მოაწოდა. გოგმაჩაძის თქმით, `მადონა აბაშიძე 21 წლის ახალგაზრდაა და რწმუნებული ცდილობდა მისი გამოუცდელობით ესარგებლა~.
`როგორ გეკადრებათ? მეზობელია ჩემი, ერთად ვართ გაზრდილები და უბრალოდ მეზობლური საუბარი გვქონდა, არასდროს მომხდარა, რომ ჩემსგან ვინმეს მიმართ ზეწოლა განხორციელებულიყოს და არც მოხდება, უბრალოდ, პოლიტიკური შეხედულებები გავუზიარეთ ერთმანეთს, მან თავისი თქვა და მე - ჩემი. თუ რამე სხვანაირად მიიღო ეს მისი საქმეა, მაგრამ თუ შეურაცხყოფის მოყენებას აპირებენ და მაბრალებენ იმას რაც არ გამიკეთებია, ამით ისევ მას წაუვა ცუდად საქმე~, - განაცხადა რწმუნებულმა მერაბ ხოზრევანიძემ `ბათუმელებთან~ სატელეფონო საუბარში.

No comments:

Post a Comment