Friday, May 28, 2010

ფოთში სკვერი შენდება, რომელსაც არავინ აშენებს


ელისო ჯანაშია, სამეგრელო

ფოთში, აღმაშენებლის ნ8-ში, რამდენიმე დღის წინათ, სახელდახელოდ დაიწყო სკვერის მშენებლობა. ამჟამად, მიმდებარე ტერიტორიის ქვებით მოპირკეთების სამუშაოები. დავინტერესდით, სამუშაოების დამკვეთისა და შემსრულებლის ვინაობით. მივმართეთ მერის მოვალეობის შემსრულებელს, გელა ლაგვილავას, მან გვიპასუხა, რომ მერია სამუშაოს დამკვეთი არაა და არც ბიუჯეტიდანაა რამე თანხა ამისათვის გამოყოფილი. მივმართეთ ნაციონალური მოძრაობის ფოთელ ლიდერს, კობა ცხადაიას, რომელმაც გვიპასუხა, რომ ამ სკვერის მშენებლობასთან ნაცმოძრაობას კავშირი არ აქვს.
ამის შემდეგ გავესაუბრეთ თავად მუშებს, რომელთაგან ერთ-ერთმა გვიპასუხა, რომ ისინი დაიბარა ნაცმოძრაობის სიის ერთ-ერთმა წევრმა, პაატა შამუგიამ და ამ სამუშაოს შესრულება დაავალა. კითხვაზე, თუ ვისთან აქვთ კონტრაქტი ან თანხა ვინ უნდა გადაუხადოს, გვიპასუხეს, რომ კონტრაქტი არავისთან გაუფორმებიათდა ამის გაკეთება მათ პაატა შამუგიამ დაავალა.
`რომ მოვრჩებით, გადაგვიხდიან, აბა, რა იქნება~, - აცხადებენ ისინი და სწრაფ ტემპებში მუშაობენ, რადგან, მათი თქმით, სამუშაო 2-3 დღეში, არჩევნებამდე უნდა დამთავრდეს. როგორც საუბრიდან გაირკვა, მათ შამუგია თანხის გადახდას სამუშაოს შესრულების შემდეგ დაპირდა.
მიმდებარე კორპუსის მაცხოვრებლებმა გვითხრეს, რომ მათ ამ სკვერს მერია აკეთებს, რადგან, რამდენიმე ხნის წინ, მათ ამ წინადადებით ქ. ფოთის მერს, ვანო საღინაძეს მიმართეს და მან სწორედ წინასაარჩევნოდ აუსრულა თხოვნა. საღინაძე, ამჟამად, ნაციონალების სიის პირველი ნომერია.
მოქალაქე, ნონა ბასილაიას განმარტებით, მან თავად დაწერა განცხადება სკვერის გაშენების მოთხოვნით, რაზეც მეზობლებმა მოაწერეს ხელი და თავად შეიტანა მერიაში.

No comments:

Post a Comment