Friday, May 28, 2010

ქუთაისში წინასაარჩევნო გატაცებებს ვერ ივიწყებენ

ფრიდონ კერვალიშვილი, იმერეთი

ხელისუფლებას საარჩევნო პიარ-კამპანიისთვის გაცილებით მეტი რესურსი აქვს, ვიდრე ოპოზიციას. უმცირესობაში მყოფ პოლიტიკოსებს ისღა დარჩენიათ, წინასაარჩევნო დარღვევებთან ერთად ის ლაფსუსებიც წარმოაჩინონ, რაც მმართველთა მიერ ქვეყნის შენების პროცესში თვალსა და ყურს ხვდება. საამისოდ კი, ქუთაისიდან შორს წასვლა არ დასჭირვებიათ.
ქვეყნის პრეზიდენტს, დაჩქარებულ ტემპში რეკონსტრუირებული ქუთაისის მთავარი საფეხბურთო არენის გახსნა 24 მაისს ჰქონდა დაგეგმილი. ამ დღეს, იმერეთქალაქის ციდან იმდენი ნალექი ჩამოვიდა მიწაზე, მთელ რეგიონს ერთი თვე რომ ეყოფოდა.
ბუნებრივია, სტიქიამ სანიაღვრე არხების გამავლობაზე გავლენა იქონია და სტადიონის სარბენ ბილიკებს ქვემოთ ნაჩქარევად ჩაყრილ მილებს `ცუდი დღე~ დაუდგათ. მოკლედ, სტადიონის გახსნასთან დაკავშირებულ ვეტერანთა მატჩის დაწყებამდე (20.00 საათი) სახანძრო და სხვა მაშველი ტექნიკის მცდელობა, როგორმე გასახდელებიდან წყალი ამოეტუმბათ, უშედეგო აღმოჩნდა.
ქუთაისის 11-ათასიანი სტადიონის რეკონსტრუქციაში ქვეყნის ბიუჯეტიდან 4 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. მთლიანად შეიცვალა მაყურებელთა დასაჯდომი სკამები, ვიპ-ლოჟა გადაიხურა, გარემონტდა ადმინისტრაციული კორპუსი, დამონტაჟდა ახალი ჩინური ტაბლო და სტადიონის განათების ბერძნული სისტემა. ზემოთნახსენები ლაფსუსის გამო კი, მიხეილ სააკაშვილის საორშაბათო მარშრუტიდან სტადიონის ტერიტორია ავტომატურად ამოვარდა.
ოპოზიციას იმდენად მშენებლების იაღლიშზე კი არ გაუმახვილებია ყურადღება, არამედ იმ სამშენებლო ფირმის წარმომავლობაზე, რომელიც ამ სტადიონის გარდა, ქუთაისში ოპერის თეატრის, ასევე თითქმის 4-მილიონიან რეკონსტრუქციას აკეთებს. შპს `დაგი~ თბილისშია რეგისტრირებული და როგორც `ნაციონალებისთვის~ თვითმმართველ ორგანოში მანდატების წართმევას მოწადინებული `ალიანსელები~ აცხადებენ, მთლიანად სამეგრელოდან ჩამოყვანილი `ცოცხალი ძალითაა~ დაკომპლექტებული. არადა, კვალიფიციური მუშა-ხელი იმერეთშიც რომ ბლომადაა, `მწვანე~ ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გავლილიც დარწმუნდება კაცი.
ადგილობრივი მუშა-ხელის ნაკლებობას, 2012 წლისთვის ასაშენებელი პარლამენტის შენობის ტერიტორიის გაწმენდით სამუშაოებზეც უჩივიან. ქუთაისელი `რესპუბლიკელების~ თქმით, აქ დასაქმებული 200 ადამიანიდან, მხოლოდ 50 გახლავთ აქაური.
პარტიის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვლადიმერ ნაკაშიძე ჩვენთან საუბარში უშუალოდ საარჩევნო პროცესისთვის გასულ კვირაში შექმნილ პრობლემასაც შეეხო. 35-ე საარჩევნო უბანში კომისიის `რესპუბლიკელი~ წევრის ჯემალ ძოწენიძისგან მუშაობის სურვილის დაკარგვის თაობაზე `რეგიონის არჩევანი~ უკვე წერდა. ქუთაისის 59-ე საარჩევნო ოლქის (თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილი) რეკომენდაციით დაწყებულია ძოწენიძის კომისიიდან გამოწვევის პროცედურა, რისი 30 მაისამდე დასრულების იმედი `ალიანსელებს~ უკვე გაუჩნდათ.
ქუთაისში პრეზიდენტის ორშაბათის ვიზიტს უკავშირდება `ახალი მემარჯვენეების~ საქალაქო ლიდერის მამუკა მღვდელაძის მიერ ჩატარებული ბრიფინგი. სააკაშვილმა სტადიონის შესასვლელში ვერ გაჭრა ლენტი თორემ, არქივიდან საგზაო დეპარტამენტად გადაკეთებულ და სემეკის შენობებში ეს პროცედურა წარმატებით შეასრულა. ამავე დღეს მიხეილ სააკაშვილმა ბაგრატის ტაძრის ძველი სახით აღდგენას კიდევ ერთხელ მისცა სტარტი.
მეწარმე სვეტა ახალაია, რომელიც სამართალდამცველებმა პრეზიდენტის ამასწინანდელი ვიზიტისას არ მიუშვეს სტუმრამდე და გაიტაცეს, ამ ღონისძიებებიდან ერთ-ერთში მაინც აპირებდა მისთვის წერილის გადაცემას. როგორც მღვდელაძის განცხადებიდან ირკვევა, 64 წლის ახალაია პოლიციელებმა ამჯერადაც მოაშორეს სააკაშვილის ახლომდებარე ტერიტორიიდან და პოლიციის განყოფილებაში მანამ ამყოფეს, ვიდრე საპატიო სტუმარმა ქალაქი არ დატოვა.
კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც თბილისიდან ჩამოსული `მემარჯვენეთა~ ლიდერის დავით გამყრელიძის ყურადღების ღირსიც გახდა, კოპიტნარის დასახლებაში მცხოვრები დევნილებისთვის ელექტრონერგიის მიუწოდებლობაა. ზუსტად ერთი თვეა ხუთსართულიან 14 კორპუსში ჩასახლებულ დევნილებს დენი არ მიეწოდებათ. ყველაფერი კი, გამრიცხველიანებისთვის `ენერგოპრო ჯორჯიას~ შესაბამისი სამსახურის მიერ თავმოუბმელობას ბრალდება.

No comments:

Post a Comment