Friday, May 28, 2010

ქუთაისში წინასაარჩევნო გატაცებებს ვერ ივიწყებენ

ფრიდონ კერვალიშვილი, იმერეთი

ხელისუფლებას საარჩევნო პიარ-კამპანიისთვის გაცილებით მეტი რესურსი აქვს, ვიდრე ოპოზიციას. უმცირესობაში მყოფ პოლიტიკოსებს ისღა დარჩენიათ, წინასაარჩევნო დარღვევებთან ერთად ის ლაფსუსებიც წარმოაჩინონ, რაც მმართველთა მიერ ქვეყნის შენების პროცესში თვალსა და ყურს ხვდება. საამისოდ კი, ქუთაისიდან შორს წასვლა არ დასჭირვებიათ.
ქვეყნის პრეზიდენტს, დაჩქარებულ ტემპში რეკონსტრუირებული ქუთაისის მთავარი საფეხბურთო არენის გახსნა 24 მაისს ჰქონდა დაგეგმილი. ამ დღეს, იმერეთქალაქის ციდან იმდენი ნალექი ჩამოვიდა მიწაზე, მთელ რეგიონს ერთი თვე რომ ეყოფოდა.
ბუნებრივია, სტიქიამ სანიაღვრე არხების გამავლობაზე გავლენა იქონია და სტადიონის სარბენ ბილიკებს ქვემოთ ნაჩქარევად ჩაყრილ მილებს `ცუდი დღე~ დაუდგათ. მოკლედ, სტადიონის გახსნასთან დაკავშირებულ ვეტერანთა მატჩის დაწყებამდე (20.00 საათი) სახანძრო და სხვა მაშველი ტექნიკის მცდელობა, როგორმე გასახდელებიდან წყალი ამოეტუმბათ, უშედეგო აღმოჩნდა.
ქუთაისის 11-ათასიანი სტადიონის რეკონსტრუქციაში ქვეყნის ბიუჯეტიდან 4 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. მთლიანად შეიცვალა მაყურებელთა დასაჯდომი სკამები, ვიპ-ლოჟა გადაიხურა, გარემონტდა ადმინისტრაციული კორპუსი, დამონტაჟდა ახალი ჩინური ტაბლო და სტადიონის განათების ბერძნული სისტემა. ზემოთნახსენები ლაფსუსის გამო კი, მიხეილ სააკაშვილის საორშაბათო მარშრუტიდან სტადიონის ტერიტორია ავტომატურად ამოვარდა.
ოპოზიციას იმდენად მშენებლების იაღლიშზე კი არ გაუმახვილებია ყურადღება, არამედ იმ სამშენებლო ფირმის წარმომავლობაზე, რომელიც ამ სტადიონის გარდა, ქუთაისში ოპერის თეატრის, ასევე თითქმის 4-მილიონიან რეკონსტრუქციას აკეთებს. შპს `დაგი~ თბილისშია რეგისტრირებული და როგორც `ნაციონალებისთვის~ თვითმმართველ ორგანოში მანდატების წართმევას მოწადინებული `ალიანსელები~ აცხადებენ, მთლიანად სამეგრელოდან ჩამოყვანილი `ცოცხალი ძალითაა~ დაკომპლექტებული. არადა, კვალიფიციური მუშა-ხელი იმერეთშიც რომ ბლომადაა, `მწვანე~ ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გავლილიც დარწმუნდება კაცი.
ადგილობრივი მუშა-ხელის ნაკლებობას, 2012 წლისთვის ასაშენებელი პარლამენტის შენობის ტერიტორიის გაწმენდით სამუშაოებზეც უჩივიან. ქუთაისელი `რესპუბლიკელების~ თქმით, აქ დასაქმებული 200 ადამიანიდან, მხოლოდ 50 გახლავთ აქაური.
პარტიის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვლადიმერ ნაკაშიძე ჩვენთან საუბარში უშუალოდ საარჩევნო პროცესისთვის გასულ კვირაში შექმნილ პრობლემასაც შეეხო. 35-ე საარჩევნო უბანში კომისიის `რესპუბლიკელი~ წევრის ჯემალ ძოწენიძისგან მუშაობის სურვილის დაკარგვის თაობაზე `რეგიონის არჩევანი~ უკვე წერდა. ქუთაისის 59-ე საარჩევნო ოლქის (თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილი) რეკომენდაციით დაწყებულია ძოწენიძის კომისიიდან გამოწვევის პროცედურა, რისი 30 მაისამდე დასრულების იმედი `ალიანსელებს~ უკვე გაუჩნდათ.
ქუთაისში პრეზიდენტის ორშაბათის ვიზიტს უკავშირდება `ახალი მემარჯვენეების~ საქალაქო ლიდერის მამუკა მღვდელაძის მიერ ჩატარებული ბრიფინგი. სააკაშვილმა სტადიონის შესასვლელში ვერ გაჭრა ლენტი თორემ, არქივიდან საგზაო დეპარტამენტად გადაკეთებულ და სემეკის შენობებში ეს პროცედურა წარმატებით შეასრულა. ამავე დღეს მიხეილ სააკაშვილმა ბაგრატის ტაძრის ძველი სახით აღდგენას კიდევ ერთხელ მისცა სტარტი.
მეწარმე სვეტა ახალაია, რომელიც სამართალდამცველებმა პრეზიდენტის ამასწინანდელი ვიზიტისას არ მიუშვეს სტუმრამდე და გაიტაცეს, ამ ღონისძიებებიდან ერთ-ერთში მაინც აპირებდა მისთვის წერილის გადაცემას. როგორც მღვდელაძის განცხადებიდან ირკვევა, 64 წლის ახალაია პოლიციელებმა ამჯერადაც მოაშორეს სააკაშვილის ახლომდებარე ტერიტორიიდან და პოლიციის განყოფილებაში მანამ ამყოფეს, ვიდრე საპატიო სტუმარმა ქალაქი არ დატოვა.
კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც თბილისიდან ჩამოსული `მემარჯვენეთა~ ლიდერის დავით გამყრელიძის ყურადღების ღირსიც გახდა, კოპიტნარის დასახლებაში მცხოვრები დევნილებისთვის ელექტრონერგიის მიუწოდებლობაა. ზუსტად ერთი თვეა ხუთსართულიან 14 კორპუსში ჩასახლებულ დევნილებს დენი არ მიეწოდებათ. ყველაფერი კი, გამრიცხველიანებისთვის `ენერგოპრო ჯორჯიას~ შესაბამისი სამსახურის მიერ თავმოუბმელობას ბრალდება.

რა საჭიროა უბანზე ყოფნა, მთავარია - ტრენინგი

არჩევნებამდე 3-4 დღით ადრე საარჩენო უბნები ან დაუხურულია, ან 2-3 კაცის ამარაა დატოვებული

გიორგი გირკელიძე, გურია

ნ62 ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო ნ1 უბანს, რომელიც დაბის კინოს სახლში არის გახნსნილი, გასული კვირის ხუთშაბათს ვესტუმრე, თუმცა მანამდე სხვა საქმეზე ვიყავი, არც შემიმჩნევია კინოში უბანი თუ იყო, რადგანაც იმავე შენობის შესასვლელში სამი ადამიანი გემრიელად სადილობდა. როდესაც რედაქციიდან ერთ-ერთ უბანზე დავაპირე წასვლა და ეს ის უბანი აღმოჩნდა, სადაც დილით გემრიელად სადილობდნენ.
უბანზე სამი ადამიანი დამხვდა, ერთი მამაკაცი და ორიქალბატონი.
- გამარჯობათ, `გურია ნიუსიდან~ ვარ.
- აჰა, გასაგებია.
- თქვენ მარტო ხართ, ეს სამი ადამიანი?
- თავმჯდომარე ახლა გავიდა, რამდენიმე ადამიანი ტრენინგზეა.
- თქვენ ვინ ბრძანდებით?
- კახა ძმანაშვილი.
- ძალიან სასიამოვნო, ვამზადებ წერილს, რა ხდება კონკრეტულ უბნებზე.
- კარგით, დაბრძანდით.
ორმა ოპოზიციის წარმომადგენელმა, ქალბატონმა ნელი ლიპარტელიანმა და ზოია ბედინეიშვილმა მაგიდის გადაწმენდა დაიწყეს, სკამი მომაწოდეს. ამ დროს ბატონი კახა, კარებისკენ გაეშურა.
- ბატონო კახა, იქნებ თქვენც გვესაუბროთ.
- კი, კი როგორ არ გესაუბრებით, მაგრამ პრესა საერთოდ არაა რეკომინდებული არჩევნების წინ.
- რატომ?
- არა, ისე ვხუმრობ.
ამ საუბრის შემდეგ, დავიწყე სიის ამოკითხვა და ვარკვევ ბატონ კახასთან ერთად თუ ვინ სად იმყოფებოდა:
- ბატონი გელა (62 - 1 უბნის თავმჯდომარე) არ ბრძანდება, ქალბატონი ელისო უშვერიძე (ამავე უბნის კომისიის წევრი) სად არის?
- ახლა გავიდა სკოლაში და მოვა. ახლა, ვინც აქ ვართ...
- ბატონო კახა, სიის მიხედვით ამოვიკითხავ.
- გასაგებია, მაგრამ მომისმინე, `ბრატ~, მეც მალაპარაკე.
- სანამდე დაიწყებდეთ, მანამდე სურათს გადაგიღებთ.
- არ გინდა, მარტო მანდილოსნებს გადაუღე.
- ახლა, გისმენთ, ბატონო კახა.
- თამჯდომარეს გამოუძახეს საოლქოში სიებთან დაკავშირებით, ერთი სკოლაში წავიდა, დანარჩენი ტრენინგებზე არიან წასულები. ძალიან მალე მოვლენ, მანამდე კი ჩვენ ვართ აქ, უბანი, რომ არ იყოს მიტოვებული.
- კონკრეტულად სად ტარდება ეს ტრენინგი.
- საავადმყოფოში, კიდევ ტარდება მეორე ადგილას.
- მეორე ადგილას სად?
- ქვემოთ, გამგეობაში.
- იქნებ ერთ-ერთი წევრის ტელეფონის ნომერი ჩამაწერინოთ,მაგალითად, რუსუდან კოტრიკაძის.
- ახლავე (თუმცა ტელეფონის ნომერს არავინ მაძლევს).
ორი ქალბატონიდან ერთ-ერთი მეუბნება, რომ მდივანს ექნებოდა წიგნში, მაგრამ მდივანი უბანზე არ იმყოფებოდა. ბატონი კახა კი გარეთ გავიდა და ჩემთვის უცნობ ადამიანს დაუკავშირდა, რომ `გურია ნიუსის~ ჟურნალისტი არის უბანზე და იქნებ ამოხვიდეთო. ამ დროს ბატონ კახასთან ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი მივიდა, კახამ გადაუჩურჩულა, რომ მე მათ საუბარს დიქტოფონით ვიწერდი.
რამდენიმე წუთში უბანზე თავმჯდომარეც მოვიდა, მას კიდევ ნელ-ნელა ხუთი წევრი მოჰყვა.
გელა ლომინეიშვილის თქმით, ტრენინგზე ერთი ადამიანი იმყოფებოდა, შემდეგ გაარკვიეს, რომ თურმე ორი ყოფილა. ერთ-ერთმა კომისიის წევრმა ისიც კი გვითხრა: - თქვენ ხვალ მოდით, ორი ვიქნებით მთელ უბანზე, რადგან დანარჩენები ტრენინგებზე ვიქნებით. უბნის თავმჯდომარემ ისიც გვითხრა, რომ ტრენინგზე მონაწილეებს განცხადება არ ჰქონდათ დაწერილი და, შესაბამისად, არც უბნის წიგნში ჰქონდათ გატარებული.
- ადამიანი, რომელიც ახლა მოვიდა, სახლში იყო, ისადილა, დაეწერა განცხადება? ეს სად წერია? (სად წერია ბატონო გელა და საარჩევნო კოდექსში).
უბნის თავმჯდომარის და კომისიის წევრების მოსვლიდან რამდენიმე წუთში უბანი დავტოვე და რედაქციისკენ წამოვედი. როგორც ჩემი კოლეგები მეუბნებიან, უბნებზე ხშირად ნახავთ სამ, ოთხ კომისიის წევრს ან კიდევ დახურულ უბანს. იმედია, არჩევნების დღეს მაინც ასე არ იქნება...
ჵ.შ. უბანზე 20 წუთზე მეტხანს ვიმყოფებოდი, მხოლოდ ერთი მოხუცი მამაკაცი შემოვიდა და თავისი თავის გადამოწმება მოისურვა, მას თავმჯდომარის მოადგილე დაეხმარა და დაამშვიდა, რომ სიაში იმყოფებოდა.

აჭარაში საარჩევნო კოდექსს ყოველ ფეხის ნაბიჯზე არღვევენ

`რასაც ჩვენ გეტყვით იმას თუ არ გააკეთებ და როცა ჩვენ გეტყვით თუ არ გაჩუმდები, რაც მოგივა შენს თავს დააბრალე~

ცაგო კახაბრიშვილი, აჭარა

17 მაისს, ბათუმის მერიამ კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლებს სამედიცინო დაზღვევის პოლისები გადასცა. დაზღვევა სხვადასხვა სახის სამედიცინო და სტაციონარულ მომსახურებას ითვალისწინებს. ეს პროგრამა ბათუმის საკრებულომ 2009 წლის ბოლო სხდომაზე, 30 დეკემბერს დაამტკიცა და მისი განხორციელებისთვის 2010 წლის ბიუჯეტში 270 ათასი ლარი გაითვალისწინა. პროგრამა მარტის თვეში უნდა დაწყებულიყო, რაც ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს სადაზღვევო მომსახურებით სარგებლობის საშუალება მარტის თვიდანვე უნდა მისცემოდათ.
2010 წლის 4 მარტს, სპეციალურად ამ საკითხთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე, ბათუმის საკრებულოს წევრმა დავით რობაქიძემ, მერია პროგრამის დაწყების შეგნებულად გაჭიანურებაში დაადანაშაულა. `ეჭვი მაქვს, რომ წინასაარჩევნოდ უნდათ სერტიფიკატების დარიგება და ამ კატეგორიის ამომრჩევლის გულის მოგება~, - აცხადებდა რობაქიძე.
მერიის ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის უფროსმა სოფიო მიქელაძემ, მაშინ მედიასთან საუბარში ბრალდება კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ სადაზღვევო პაკეტით მასწავლებლები მარტიდანვე ისარგებლებდნენ.
სადაზღვევო კომპანია `იმედი ელ~-ის წარმომადგენლის, სანდრო ქანთარიას განმარტებით, `დაზღვევა 1-ლი აპრილიდან შევიდა ძალაში. რაც შეეხება სადაზღვევო პოლისების გადაცემას, უბრალოდ, გაკეთდა სიუჟეტი - მერია გაზღვევთ. ამ ადამიანებს დაზღვევით გათვალისწინებული მომსახურებით სარგებლობა კი 1-ლი აპრილიდან პირადობის მოწმობის საშუალებით შეეძლოთ~.
ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის განყოფილების უფროსის, მარინე რუხაძის განცხადებით, `პროგრამის დაგვიანებით დაწყება ტენდერის გაჭიანურებამ გამოიწვია~.
17 მაისს მასწავლებლებს სერტიფიკატები მერიის შენობაში გადასცეს.
ვინ აზიანებს საარჩევნო პლაკატებს?
---------------------
24 მაისს, ღამის 2 საათზე, `ალიანსის~ ერთ-ერთ კოორდინატორს მეზობლად მცხოვრებმა ბიძაშვილმა დაურეკა და შეატყობინა, რომ ქუჩაში უცნობი პირები ოპოზიციური პარტიების საარჩევნო პლაკატებს აზიანებდნენ.
`ინფორმაციის გადამოწმების მიზნით სასწრაფოდ გამოვედი გარეთ. ეს ანგისის უბანში მოხდა. ცენტრალური ქუჩის მიმდებარედ მოძრაობდა ვერცხლისფერი ოთხკარიანი ჯიპი ხჭხ-434, რომელშიც მძღოლის გარდა კიდევ ოთხი პიროვნება იმყოფებოდა. ჩემმა ახლობელმა მათ აივნიდან გადასძახა, თუ რატომ ხევდნენ პლაკატებს, თუმცა მათ პასუხი არ გაუციათ და გზა გააგრძელეს~, - განაცხადა ნუგზარ ხაჯიშვილმა გაზეთ `ბათუმელებთან~ სატელეფონო საუბარში.
საარჩევნო ოლქი გამგეობის შენობაში
------------------
ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისია გამგეობის შენობაშია განთავსებული. ოლქის თავმჯდომარის, მანუჩარ გამყრელიძის განცხადებით, შენობის ნაწილი, სადაც ამჟამად ისინი მუშაობენ, უზურფრუქტის წესით აქვთ გადაცემული. ოლქის წევრები კი, გარდა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისა, აპოლიტიკური პირები არიან და გამგეობის შენობაში მუშაობა მათ არანაირ დისკომფორტს არ უქმნის.
იურიტ გია ქარცივაძის განმარტებით, `საქართველოში მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობა, მათ შორის საარჩევნო კოდექსი, იმასთან დაკავშირებით თუ სად უნდა განთავსდეს საოლქო საარჩევნო კომისია (და არა საუბნო საარჩევნო კომისია) არანაირ დათქმებს (მითითებებს) არ აკეთებს. გამომდინარე იქედან, რომ ამ ფაქტის მიმართ საკანონმდებლო აკრძალვა არ არსებობს, შესაბამისად, არ არსებობს კანონშეუსაბამობაც (ანუ უკანონობა). ამ მოუწესრიგებელმა სივრცემ კი გამოიწვია ის, რომ საოლქო საარჩევნო კომისიები ხშირ შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის ან აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების შენობებში არიან განთავსებულნი~.
ქარცივაძის მოსაზრებით, აღნიშნული გარემოება განპირობებულია იმით, რომ ხელისუფლება ნაკლები დანახარჯებით უზრუნველყოფს საერთო სახელმწიფოებრივი საქმის კეთებას, რაც უგულებელყოფს პრინციპს - `დემოკრატია ძვირად ფასობს~. `აღსანიშნავია, რომ ნაკლები დანახარჯებით დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის გზებს თანამედროვე მსოფლიოს ისტორია არ იცნობს და, ამ საკითხში, არც ჩვენ უნდა ვიყოთ გამონაკლისები~, - ამბობს გია ქარცივაძე.
ზეწოლის ფაქტი
-------------
ჩაქვის ნ14 საარჩევნო უბნის წევრს მადონა აბაშიძეს, უბნის რწმუნებული მერაბ ხოზრევანიძე შემდეგი სიტყვებით დაემუქრა: `რასაც ჩვენ გეტყვით იმას თუ არ გააკეთებ და როცა ჩვენ გეტყვით თუ არ გაჩუმდები, რაც მოგივა შენს თავს დააბრალე~. მადონა აბაშიძე კომისიაში `ეროვნული საბჭოდანაა~ წარდგენილი.
ეს ინფორმაცია `ბათუმელებს~ ამავე გაერთიანების წევრმა ელგუჯა გოგმაჩაძემ მოაწოდა. გოგმაჩაძის თქმით, `მადონა აბაშიძე 21 წლის ახალგაზრდაა და რწმუნებული ცდილობდა მისი გამოუცდელობით ესარგებლა~.
`როგორ გეკადრებათ? მეზობელია ჩემი, ერთად ვართ გაზრდილები და უბრალოდ მეზობლური საუბარი გვქონდა, არასდროს მომხდარა, რომ ჩემსგან ვინმეს მიმართ ზეწოლა განხორციელებულიყოს და არც მოხდება, უბრალოდ, პოლიტიკური შეხედულებები გავუზიარეთ ერთმანეთს, მან თავისი თქვა და მე - ჩემი. თუ რამე სხვანაირად მიიღო ეს მისი საქმეა, მაგრამ თუ შეურაცხყოფის მოყენებას აპირებენ და მაბრალებენ იმას რაც არ გამიკეთებია, ამით ისევ მას წაუვა ცუდად საქმე~, - განაცხადა რწმუნებულმა მერაბ ხოზრევანიძემ `ბათუმელებთან~ სატელეფონო საუბარში.

Friday, May 21, 2010

`მიშას ვირჩევთ, მიშას~

გელა მთივლიშვილი

2010 წლის 30 მაისს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება, სამ მუნიციპალიტეტში - კი შუალედური საპარლამენტო არჩევნებიც. რეგიონებში წინასაარჩებნო კამპანიას ძირითადად მხოლოდ `ნაციონალური მოძრაობა~ აწარმოებს, არჩევნებში მონაწილე დანარჩენი პოლიტიკური პარტიები და საარჩევნო ბლოკები არ აქტიურობენ.
`ჩვენი რაიონი დღეს უკეთესად გამოიყურება, ვიდრე 4 წლის წინ - გაუმჯობესებული გზებით, განათლების უკეთესი სისტემით და უფრო უსაფრთხო გარემოთი. რაიონებში ჩვენი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი იქნება ერთი საკითხი, რომელიც მოსახლეობისთვის ყველაზე მტკივნეულია. ეს არის დასაქმება და ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა შევქმნათ სამუშაო ადგილები. ამისათვის უნდა მოვიზიდოთ სახსრები ახალი საწარმოებისთვის, დავეხმაროთ მცირე მეწარმეებს და ფერმერებს ბიზნესის გაფართოებაში, დაუღალავად ვიშრომოთ, იმიტომ, რომ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია~, - ამ შინაარსის ბუკლეტები სახელისუფლებო პარტიის აგიტატორებმა კარდაკარ, კახეთის ყველა სოფელში დაარიგეს. სხვა საარჩევნო სუბიექტებს ბუკლეტები არ დაურიგებიათ, არც სარეკლამო აბრები აქვთ დაკავებული და არც აგიტატორებით აქტიურობენ. ოპოზიციური პარტიებიდან გამონაკლისი მხოლოდ `ეროვნული საბჭო~ იყო. ამ საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიის მოძრაობა `სამართლიანი საქართველოსთვის~ აქტივისტები კარდაკარ დადიოდნენ და პარტიის აგიტაციას ეწეოდნენ, თუმცა მათ დაპირებული ხელფასები არ გადაუხადეს და კამპანიაც შეწყდა.
სადამკვირვებლო ორგანიზაციების ინფორმაციით, სახელისუფლებო პარტია საარჩევნო ხმების მოსაგროვებლად წინასაარჩევნოდ აქტიურად იყენებს ფინანსურ რესურსებს.
`საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს~ ანგარიშის მიხედვით, კახეთში 2007-2009 წლებთან შედარებით, 2010 წელს თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ პირთა რიცხოვნობა და შრომის ანაზღაურება მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. მაგალითად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში შტატების რაოდენობა 21 შტატით გაიზარდა, შრომის ანაზღაურების თანხა კი 42 700 ლარით; გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობას 3 შტატი დაემატა, თუმცა სახელფასო ფონდი 59 800 ლარით გაიზარდა; ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შტატების რაოდენობას 86 შტატი დაემატა, ძირითადად ტერიტორიულ ორგანოებში, შრომის ანაზღაურება 99 500 ლარით გაიზარდა.
2010 წელს მუნიციპალიტეტების დიდ ნაწილში სოფლის რწმუნებულების ადმინისტრაციების ხარჯებიც გაიზარდა. საშტატო რიცხოვნობის ზრდასთან დაკავშირებული ცვლილებები 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების წინაც განხორციელდა, 2009 (არასაარჩევნო) წელს კი ამ კუთხით ზრდა, პრაქტიკულად არ ყოფილა.
`საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ზოგიერთ თვითმმართველობაში საოფისე ხარჯები წინასაარჩევნო პერიოდში გაცილებით მეტია, ვიდრე არჩევნების შემდეგ. მაგალითად, ლაგოდეხში გამგეობის აპარატის საოფისე ხარჯები პირველ და მეორე კვარტალებში სულ 35 000 ლარია, ხოლო მესამე და მეოთხე კვარტალებში - 15 000 ლარი. ლაგოდეხის ტერიტორიული ორგანოების საოფისე ხარჯები მეორე კვარტალში 20 000 ლარია, ხოლო დანარჩენებში ერთად - 20 ათასი ლარი~, - ამბობს `საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს~ პროგრამების დირექტორი ნინა ხატისკაცი.
ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტების ანალიზიდან ასევე ირკვევა, რომ ზოგიერთი ღონისძიება მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში ფინანსდება, არჩევნების შემდეგ კი დაფინანსება მნიშვნელოვნად მცირდება ან საერთოდ ქრება. მაგალითად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის ხარჯების 70% მარტ - ივნისში იხარჯება. ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილი 2 242 500 ლარიდან ამ თვეებზე 1 678 700 ლარი მოდის; ბინათმშენებლობის ხარჯები 62 500 ლარის ოდენობით, მხოლოდ მარტზეა გამოყოფილი; გარე განათების რეაბილიტაციისა და ექსპლუატაციის ხარჯები, 98 100 ლარის ოდენობით, მეტწილად მარტის თვეზეა გამოყოფილი. შემდეგ თვეებში ეს ხარჯები თვეში 10 000 ლარამდე მცირდება; სპორტული ღონისძიებების დიდი ნაწილი მარტ - აპრილში ფინანსდება, შესაბამისად, 31 200 და 23 100 ლარით. შემდეგ თვეებში ეს ხარჯები თვეში 5 ათას ლარამდე მცირდება; სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის ხარჯების 58%, ანუ მთლიანი 300 500 ლარიდან 174 200 ლარი თებერვალ - მაისზე მოდის. შემდეგ თვეებში დაფინანსება მკვეთრად მცირდება; საგანმანათლებლო ღონისძიებების დიდი ნაწილი ასევე თებერვალ - მარტში ფინანსდება, შესაბამისად, 168 300 და 116 400 ლარით. შემდეგ თვეებზე ამ თანხების მხოლოდ მესამედი რჩება.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დაფინანსებისთვის პირველ და მეორე კვარტალებში მთლიანად 222 300 ლარია გამოყოფილი, მესამე და მეოთხე კვარტალებში კი 155 600 ლარი; ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და ექსპლუატაციის ხარჯები პირველ და მეორე კვარტალებში ერთად 197 000 ლარია, მესამე და მეოთხე კვარტალებში კი 92 500 ლარი; კულტურული ღონისძიებები, 17 000 ლარის ოდენობით, მხოლოდ პირველ და მეორე კვარტალებში ფინანსდება. მესამე და მეოთხე კვარტალებში მათი დაფინანსება საერთოდ არ არის გათვალისწინებული.
2007-2009 წლებთან შედარებით, 2010 წელს ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტებში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი სოციალური, ჯანმრთელობის დაცვის და ინფრასტრუქტურული პროგრამების დაფინანსება. სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დიდი ნაწილი მოკლევადიანი ან ერთჯერადი ხასიათისაა. მაგალითად, გურჯაანის მუნიციპალიტეტში 13 სხვადასხვა სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა ხორციელდება. ამდენივე განხორციელდა 2008 (საარჩევნო) წელს. 2007 და 2009 წლებში კი მხოლოდ 9 - 9 პროგრამა ხორციელდებოდა.
2010 წლის 1 მარტიდან თელავის მუნიციპალიტეტში ავტობუსით მგზავრობა უფასო გახდა, რისთვისაც 50 000 ლარია გამოყოფილი. წინა წელს ასეთი ან მსგავსი ინიციატივა არ განხორციელებულა. ამასთან, `საერთაშორისო გამჭვირვალობის~ ანგარიშის თანახმად, ტრანსპორტის ხარჯების დაფინანსება საერთოდ არ განეკუთვნება ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციას. ახმეტის მუნიციპალიტეტში ავადმყოფთა მკურნალობის ხარჯების დასაფარად 40 000 ლარია გათვალისწინებული, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარებისათვის 60 000 ლარი; სოციალურად დაუცველი მოსახლეობის გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურებისათვის 10 000 ლარი; მოსახლეობის ტრანსპორტით მომსახურებისათვის 4 000 ლარი; 2007 - 2009 წლებში ასეთი ხარჯი საერთოდ არ იყო გათვალისწინებული. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლ მეომართა ერთჯერადი დახმარებისათვის 3 600 ლარია გათვალისწინებული. 2007-2009 წლებში ასეთი დახმარება საერთოდ არ ფინანსდებოდა.
`საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს~ პროგრამების დირექტორის ნინა ხატისკაცის თქმით, 2010 წელს განხორციელებული საბიუჯეტო ცვლილებების შედეგად, ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტებში გაჩნდა არაერთი ისეთი ინფრასტრუქტურული, საყოფაცხოვრებო და სხვა ტიპის ხარჯი, რომელიც 2007 - 2009 წლების და 2010 წლის თავდაპირველ ბიუჯეტებში გათვალისწინებული არ ყოფილა. მაგალითად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 2010 წლის 26 თებერვლის ცვლილებებით მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების შეკეთება 297 000 ლარით დაფინანსდა. ამ პროგრამისთვის 2009 წელს 9 900 ლარი იყო გამოყოფილი. იმავე ცვლილებებით სპორტული მოედნების მოწყობისათვის 157 700 ლარი გამოიყო.
სტატიაზე მუშაობისას კახეთის რამდენიმე სოფელში 50-მდე ადამიანი გამოვკითხეთ. გამოკითხულთა უმრავლესობის თქმით, არჩევნებში ხმას მიხეილ სააკაშვილს აძლევენ. პრეზიდენტს ყველაზე მეტი მხარდამჭერი ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში ჰყავს.

ფაუნას ამოფარებული წინასაარჩევნო შეხვედრა

გულო კოხოძე
სამცხე-ჯავახეთი

არჩევნები, გართობა, პრობლემები და ბოლოს ფაუნაც. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ გოგა ხაჩიძეს, მხარის რწმუნებულ ლაშა ჭკადუასა და სტუდენტებს შორის,შეხვედრა, 13 მაისს, ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერისტეტის მეორე კორპუსში შედგა.
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ მედია რელიზში ვკითხულობთ: `გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე სამცხე-ჯავახეთს ეწვევა, სადაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალის სტუდენტებს შეხვდება~.
`ხუთი წელი გავატარე სამცხე-ჯავახეთში და ძალიან ხშირად მქონდა უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა. ეს ტრადიცია რომ არ დაირღვეს, ამიტომაც ვარ აქ~, - განაცხადა გოგა ხაჩიძემ.
ტრადიცია უკვე დარღვეულია. `უნივერსიტეტის ერთგული მეგობარი~ არ ფლობს ინფორმაციას, რომ სამი წელია, თსუ ახალციხის ფილიალს სახელი შეეცვალა, თავდაპირველად სსიპ ახალციხის სახელმწიფო ინსტიტუტი დაერქვა, ამჟამად კი ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტად იწოდება.
სტუდენტები და კურსდამთავრებულები ვერც გოგა ხაჩიძესთან შეხვედრებს იხსენებენ, გარდა ერთი შეხვედრისა, რომელიც უნივერსიტეტში ორი წლის წინათ, 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ შედგა.
მედია რელიზში ვკითხულობთ: `მინისტრი, 100-მდე სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტებისთვის, ტურისტული სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ ლექციას წაიკითხავს~.
ამონარიდი შეხვედრიდან: `რატომ ჩამოვედი, რისთვის ჩამოვედი, მოგახსენებთ. ახლა რომ გითხრათ, იხტიო-ფაუნის განადგურების პრობლემებზე სასაუბროდ ჩამოვედი-მეთქი, მოგატყუებთ, იმიტომ, რომ ასე არ არის. მინდოდა, შეგხვედროდით. არ მინდოდა, ჩამოსულიყავი და ნაპირსამაგრები მენახა. უბრალოდ, მინდა, ჩვენი ურთიერთობა არ გაწყდეს~, - განაცხადა მინისტრმა შეხვედრაზე(სტილი დაცულია).
შეხვედრა კითხვა-პასუხის პასუხის რეჟიმში უნდა წარმართულიყო, თუმცა თავიდანვე მონოლოგის რეჟიმში განვითარდა. გოგა ხაჩიძემ სტუდენტებს ის დაპირება გაახსენა, რომელიც ვერ შეუსრულა და დახმარებას ახლა დაჰპირდა: `ვერ გავაკეთე, ძაან მარტივი რაღაც ვერ გავაკეთე. ახლა გამახსენდა - ვერ გავერთეთ, უთხარი, რომ თანხებს ვიშოვი და გაერთეთ, დრო გაატარეთ - მეთქი, აპარატურას დაგეხმარებით-მეთქი, ეგეც კი ვერ მივაღწიე და დღემდე გულში მაქვს და ვერ გარეთნენ~ (სტილი დაცულია).
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი მხრიდან იყო მოწოდებაც: `მინდა, უბრალოდ, მოგიწოდოთ, მნიშვნელოვანი რამეა არჩევნები, ყოველი არჩევნების შემდეგ რაღაც უკეთესდება, რაღაც ფორმაში ჯდება. მინდა, მოგიწოდოთ, მეტი ახალგაზრდა მივიდეს არჩევნებზე~.
`თქვენგან მინდა, გავიგო, რაში გამოგადგეთ~, - ეს იყო გოგა ხაჩიძის შეხვედრის მთავარი გზავნილი - `რაში დაგიდგეთ გვერდით, რა ამბავი ჩავუტანო სხვა მინისტრებს?! რა გავაკეთო იმისთვის, რომ ეს ურთიერთობა გაგრძელდეს და შედგეს. რას დაგვავალებთ და რა გინდათ, შევცვალოთ~.
მინისტრის მხრიდან იყო დაპირებებიც: `იდეა გაჩნდა სახელდახელო - რაღაცნაირი სტუდენტი, რომ დაუშვათ ჩვენს ერთ-ერთ დაცულ ტერიტორიაზე, დავპატიჟოთ და მთელი ტური ჩვენს თავზე ავიღოთ, საინტერესო იქნება~ (სტილი აქაც დაცულია).
რამდენიმე სიტყვა უნივერსიტეტში არსებულ პრობლემებზეც ითქვა.
სტუდენტი, თამარ სამსონიძე: `ძალიან კარგი იქნებოდა, რომ ჩამოსული ბავშვებისთვის საერთო საცხოვრებელი გაკეთდეს~.
ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის თინა გელაშვილის თქმით, ზემოთხსენებულ პრობლემაზე წერილი გაგზავნილია უნივერსიტეტს პრეზიდენტის სახელზე: `პრეზიდენტმა დააწერა ეკონომიკის სამინისტროს და რატომღაც გაჩერდა~.
როგორც აღმოჩნდა, წერილი სამხარეო ადმინისტრაციაში დევს.
`ჩემთან დევს ეს წერილი. ამ საკითხზე ვმუშაობთ, ველოდებით ქალაქის განვითარების გეგმას და ამის მიხედვით ახლო მომავალში გვეცოდინება, სად და როგორ განხორციელდება ეს პროექტი~, - განაცხადა მხარის რწმუნებულმა ლაშა ჭკადუამ.
გოგა ხაჩიძე სტუდენტებს დაპირდა, რომ პრაქტიკების პრობლემასაც მოაგვარებს: `სანამ შემიძლია, ეკონომიური ფაკულტეტის ყველა სტუდენტი, ვისაც სურვილი ექნება, ჩვენთან სტაჟირებაზე ნებისმიერ დროს შეგვიძლია, მივიღოთ~.
და ბოლოს: `ჯავახეთში იქნება დაცული ტერიტორიები, სადაც შეიძლება ნებისმიერი თქვენთაგანი დაკავდეს~, - განაცხადა მინისტრმა.
არჩევნებამდე 13 დღე რჩება. ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში კი 944 ამომრჩეველი სწავლობს.

წინასაარჩევნო კამპანია ზუგდიდსა და ფოთში

ელისო ჯანაშია
პაატა ლაგვილავა
სამეგრელო

ერთ კვირაში გაირკვევა, ჩააბარებს თუ არა საქართველოს მორიგ ტესტს დემოკრატიაზე, თუმცა სამეგრელოში წინასაარჩევნო კამპანია მაინცადამაინც დიდი ინტენსივობით არ მიმდინარეობს. მმართველი გუნდის გარდა, ზუგდიდში არც ერთი ოპოზიციური პარტიის პლკატი თუ ბილბორდი არ გამოკრულა. ფოთს მხოლოდ მხოლოდ თორთლაძის ბილბორდი ამშვენებს. ადგილობრივ ტელევიზიაში, რადიოსა და პრესის ფურცლებზე არც სარეკლამო რგოლი არ გამოჩენილა. ამომრჩევლების გარკვეულ ნაწილის მიაჩნია, რომ თბილისის მერს ან პრეზიდენტს ირჩევს, რაც იმ კამპანიის ფონზე, რაც სამეგრელოში მიმდინარეობს, საკმაოდ ლოგიკურია.

წინასაარჩევნო კამპანია ფოთში
--------------------

`ჩვენ ვიცით ხალხის განწყობა და დაიმედებული ვართ~, - ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის ფოთის ორგანიზაციის აღმასრულებელმა მდივანმა, საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატმა, კობა ცხადაიამ, ადგილობრივი ტელევიზიის ეთერით გააკეთა. `გაფრთხილებული მყავს ჩემები: ახლოს არ გაეკაროთ არავითარ ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ღონისძიებას და სამუშაოს, რომ სალაპარაკო არ გახდეს. ამ არჩევნებში ოპოზიციის დასამარცხებლად, ჩვენ ეს არ გვჭირდება~, - ეს ზუგდიდში ნაციონალების საარჩევნო შტაბის უფროსის, პარლამენტის დეპუტატის, ლაშა დამენიას განმარტებაა, რომელიც მან `საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოსთან~ გამართულ შეხვედრაზე გააკეთა. ამ ტიპის განცხადებებით პასუხობს მმართველი პარტია ოპონენტების ბრალდებებს ადმინისტრაციული რესურსის შეუზღუდავად გამოყენებასთან დაკავშირებით. ამ განმარტებების შინაარსს თუ ვერწმუნებით, საკუთარ უპირატესობაში დარწმუნებული `ნაციონალები~ მშვიდად ატარებენ წინასაარჩევნო კამპანიას და მოთმინებით ელიან 30 მაისს. რეალურად, ყველაფერი ამგვარად რომ არაა, მას `საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს~ სისტემატური ანგარიშებიც ცხადყოფს. მმართველი პარტია, ყველა მისთვის ხელმისაწვდომი საშუალებით ცდილობს, თვითმმართველობის არჩევნებისთვის ისეთი ვითარება შექმნას, რომ მოგება დამაჯერებელი ანგარიშით იზეიმოს.
სწორედ იმ დღეს, როცა პრეზიდენტი არჩევნების თარიღს ასახელებდა, ფოთის საკრებულომ თავისი ოთხწლიანი მოღვაწეობის მიწურულს უკანასკნელი საბიუჯეტო ცვლილებები განახორციელა. ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნა რამდენიმე წინასწარდაუგეგმავი სოციალური პროგრამა, რაც პირდაპირ ითვლება ფინანსური რესურსების გამოყენებას. მით უმეტეს, რომ ცვლილებების მიმღები საკრებულოს 15 წევრიდან 8 `ნაცმოძრაობის~ პროპორციული სიით საკრებულოში მოსახვედრად ხელახლა იყრის კენჭს.
მასობრივი შვებულება?!------------------
წინასაარჩევნოდ ხელისუფლებამ ერთი, აქამდე ნაკლებად აპრობირებული, მაგრამ მასშტაბების გათვალისწინებით ეფექტური მანიპულაცია ჩაატარა: მიმდინარე წლის 1 აპრილს, მერის ნ139-144 ბრძანებების საფუძველზე, მართვის ტერიტორიული ორგანოებში შტატგარეშეთა რაოდენობა 12 ერთეულით გაზარდა. 23 აპრილიდან კი, შვებულებაში ერთდროულად გავიდა 28 საჯარო მოხელე, ამათგან 18 მართვის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ან სპეციალისტია. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შემავალი 30 სოფლის რწმუნებულიდან შვებულებაში წინასაარჩევნოდ 26 გავიდა, მათ მოვალეობას კი სოფლის რწმუნებულების მოადგილეები ასრულებენ.
ჩნდება ერთი ლოგიკური კითხვა: თუკი სამსახურს იმდენად ჰქონდა კადრების დეფიციტი, რომ სამსახურში დამატებითი თანამშრომლები აიყვანა და მათ ხელფასი სიმწრით შეკოწიწებული ბიუჯეტიდან უნდა მისცეს, მაშინ როგორღა გაუშვა სულ რამდენიმე დღეში შვებულებაში ამდენი ადამიანი? (მაგ. მხოლოდ ცენტრის მუნიციპალიტეტში შვებულებაში ერთდროულად ოთხი ადამიანი); ან პირიქით, თუკი სამსახურს კადრების იმხელა რესურსი აქვს, რომ ერთდროულად რამდენიმე თანამშრომლის შვებულებაში გაშვება შეუძლია, მაშინ რისთვის სჭირდებოდა ახალი თანამშრომლების დამატება?
ანალოგიური მდგომარეობაა საკრებულოშიც, რომლის ძველი შემადგენლობიდან 8 დეპუტატი ხელახლა იყრის კენჭს. საკრებულოს აპარატიდან შვებულებაში შვიდი ადამიანი იმყოფება, ამათგან ოთხს ანაზღაურებული შვებულების დასრულების დღიდანვე უფასო შვებულება აქვთ აღებული.
`საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს~ წარმომადგენლის, ნინა ხატისკაცის განცხადებით, ეს პრაქტიკა წარმატებითაა დანერგილი მთელი ქვეყნის მასშტაბით და იმაზე მეტყველებს, თუ რამდენად ხელოვნურადაა ამ უწყებებში შტატები გაბერილი~, - თუკი თვითმმართველობას შეუძლია, ერთდროულად ორ ათეულზე მეტი თანამშრომელი გაუშვას შვებულებაში, ამათგან ზოგი თვეზე მეტი ხნითაც გამოდის, რომ ეს ადამიანები ამ სამსახურებში ისედაც ზედმეტები არიან, შტატები გაბერილია და ეს ადგილობრივ ბიუჯეტს სოლიდური თანხა უჯდება~, - აცხადებს ხატისკაცი.

ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანა
----------------------------

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩეველთან ქუჩა-ქუჩა და უბან-უბან შეხვედრების მიზანი, ერთის მხრივ, მოსახლეობის პრობლემების ადგილზე მოსმენაა (რაც, სხვათა შორის, არასაარჩევნო პერიოდშიც აუცილებელია), მეორეს მხრივ, კანდიდატების წარდგენისა და დაპირებების უხვად გაცემის ეფექტური საშუალებაა. ადგილობრივი ხელისუფლება, რომლის ნაწილიც საკრებულოში მოსახვედრად იბრძვის, მეორე ნაწილი კი, რომელსაც ამაში შვებულებაში გასული ან გაუსვლელი ეხმარება, ამომრჩევლის გულის მოსაგებად ასეთ ხერხს მიმართავს. მაგალითად, ბოლო პერიოდში მომრავლდა ფოთის ქუჩების მოხრეშვა-დაგრეიდერება, ორმოების ამოვსება და პოპულარული სპორტული მოედნების მოწყობა ისე, რომ არც ერთი ასეთი ობიექტი ან მომსახურება ბიუჯეტში წინანსწარ გათვალისწიებული არ არის. გამომდინარე იქედან, რომ მმართველი პარტია ყველა რესურსის_ადამიანური, მატერიალურ-ტექნიკური, ფინანსურის თუ ხისტის გამოყენების უპირატესობას ფლობს, სწორედ მას მიუწვდება ხელი მსგავსი ტიპის საქმიანობის განხორციელბაზე, რაც ამომრჩეველზე გავლენის მოხდენაში ეხმარება. ბოლო დროს ამ ყველაფერმა საკმაოდ უცნაური სახე მიიღო - დაწყებული საქმის შემდეგ ამომრჩეველს ეუბნებიან, რომ ნაციონალური მოძრაობის არჩევის შემთხვევაში, ისინი დაწყებულ საქმეს გააგრძელებენ. მაგალითად, კაკულიას და ნუცუბიძის ქუჩებზე ე.წ. `ხრეში~ დაყარეს და გაასწორეს, სვანეთის ქუჩაზე კი მხოლოდ დაყარეს, რის შემდეგაც მოსახლეობამ დაპირება მიიღო, რომ ნაციონალების არჩევის შემთხვევაში, დარჩენილი სამუშაოც შესრულდება_ერთგან ასფალტის საფარი დაიგება, ხოლო მეორეგან დაგრეიდერდება. ასევე მოხდა ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ეზოში სპორტული მოედნის მშენებლობის დაპირება ამომრჩეველმა `ნაცმოძრაობის~ მაჟორიტარი კანდიდატისგან მიიღო, სამუშაო ნაწილი შესრულდა და მიწა მოასწორეს, ამის შემდეგ კი მოსახლეობას განუმარტეს, რომ დროებით თანხები არ ყოფნით და დანარჩენს საკრებულოში არჩევის შემდეგ დაასრულებდნენ.
წინასაარჩევნო კამპანია ზუგდიდში
არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ადგილობრივი ოპოზიცია დაშინებაზე, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასა და პოლიტიკური სუბიექტების არათანაბარ საარჩევნო გარემოზე საუბრობს. რამდენიმე დღის წინ, სატელეფონო მუქარა განხორციელდა ზუგდიდის საოლქო კომისიის ოპოზიციონერ წევრ, კონსერვატორ მამუკა აბულაძეზე. მას ფარული ნომრიდან უცნობმა პიროვნებამ დაურეკა. ფარული ნომრის იდენტიფიცირება აბულაძემ ოპერატორი ქსელის ოფისში ვერ მოახერხა. `უცნობმა პიროვნებამ გამაფრთხილა, ხომ იცი, ადგილობრივი არჩევნები ტარდება და თუ არ მოიქცევი ისე, როგორც ხელისუფლებას სჭირდება, სერიოზულ პრობლემებს შეგიქმნითო. ვკითხე, თუ ვინ იყო და რომელი უწყებიდან მირეკავდა, მან კი მიპასუხა, რომ ეს ამ ეტაპზე ჩემთვის საინტერესო არ იყო და თუ გონს არ მოვეგებოდი, ყველაფერს ჩემს თავზე ვიწვნევდი. უცნობი მიმეორებდა, რომ ისე უნდა მოვქცეულიყავი, როგორც ხელისუფლებას აწყობდა~, - განაცხადა ჩვენთან საუბარში ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის კონსერვატორმა წევრმა მამუკა აბულაძემ. აბულაძემ მომხდარის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აცნობა, თუმცა სამართალდამცავი უწყებებისათვის არ მიუმართავს, რასაც პოლიციისადმი უნდობლობით ხსნის.
გარდა ამ ფაქტისა, ზუგდიდში ადმინისტრაციული რესურსის განუსაზღვრელად გამოყენების ფაქტებზეც საუბრობენ. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ნაციონალების ოდიშის მაჟორიტარობის კანდიდატმა, პაპუნა ჯიჭონაიამ, სოფელ ოდიშის ერთ-ერთ უბანში, გამგეობის დაქვემდებარებაში მყოფი ტრაქტორები მიიყვანა და მოსახლეობას მიწა დაუხნა, ამ ფაქტს `სამართლიან საქართველოში~ ეხმაურებიან და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად მიიჩნევენ. ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსს ლაშა დამენია ტრაქტორების შესახებ კონკრეტულულ ინფორმაციას არ ფლობს: - `ახლა მოხვნის სეზონია, შემოდგომაზე არავინ ხნავს. კანდიდატს ეს არ გაუკეთებია, ალბათ, იდგა იქ, სადაც ხნავდნენ. მასაც აქვს მიწა, რომელიც უნდა მოეხნა. მის მაგივრად, იქ ნებისმიერ სხვა კანდიდატს შეუძლია დადგომა. ჩვენ არჩევნების გამო ვერ შევაჩერებთ მშენებლობებს, ვერ გამოვრთავთ შუქს და ამ სამი თვის განმავლობაში მმართველი გუნდი უძრავად ვერ იქნება~, - აცხადებს დამენია.
ოპოზიციის მხრიდან ასევე გაისმის ბრალდება სოფლებში კანდიდატების მიერ მედიკამენტების დარიგების თაობაზე. ნაციონალური მოძრაობის პირველი ნომრის ლევან კონჯარიას მიერ, ნაციონალური მოძრაობის ეგიდით, ზუგდიდის 7 სოფელში წამლები დარიგდა: `ეს მაშინ, მოხდა, როცა ლევანი კანდიდატად წარდგენილი არ იყო. პარტიამ მისწერა `ავერსს~ და `პე-ეს-სეს~, მათ გამოგვიყვეს წამლები და პარტიის ეგიდით დავარიგეთ სოფლებში. როგორც კი პარლამენტის თავმჯდომარე ჩამოვიდა და დაასახელა ლევანი კანდიდატად, მას შემდეგ ეს არ მომხდარა~.
კონჯარიამ ნაცმოძრაობასთან და ზუგდიდის გამგეობასთან ერთად მედიკამენტები 30 მარტის, ანუ საარჩევნოკამპანიის ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ დაარიგა. `ლევანი მაშინ კანდიდატი არ იყო~, - ამ ბრალდებას დამენია ასე პასუხობს. მართალია, ლევან კონჯარია კანდიდატად წარდგენილი არ იყო, მაგრამ წამლებს არჩევნებში მონაწილე სუბიექტი - ნაციონალური მოძრაობა არიგებდა - რაზეც დამენია შემდეგნაირად გვპასუხობს: `ნაცმოძრაობის ეგიდით იყო, მაგრამ ლევანი არიგებდა. როგორც კი მორჩება არჩევნები, ისევ დავიწყებთ წამლების დარიგებას. რადგან ამით ვცდილობთ, სოფელში მცხოვრებ იმ ადამიანებს დავეხმაროთ, ვინც ვერ ახერხებს წამლების შეძენას~.
`ალიანსის~ ზუგდიდის ოფისის პრეს-სამსახურის უფროსი, მაია ღურწკაია ამბობს, რომ, ჯერ კიდევ ახალი წლის დღეებში გახდა ცნობილი, რომ ლევან კონჯარია ნაციონალების პირველი ნომერი იქნებოდა. `იქიდან მოყოლებული ამ ადამიანს მუდმივად აპიარებდნენ. წამლების დარიგება იქნებოდა ეს თუ სხვა ღონისძიებები, ყველგან ლევან კონჯარია ჩანდა~.
კიდევ ერთ დარღვევასა და სოფლის რწმუნებულების საარჩევნო აგიტაციაში ჩართულობაზე საუბრობს `ეროვნული საბჭოს~ მესამე ნომერი, კონსერვატორი, შამგონას მაჟორიტარობის კანდიდატი დემნა ხუბუა. ხუბუა ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ შამგონას სოფლის რწმუნებული გოჩა შენგელია, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს დაყვება და მის რეკლამირებას უკეთებს, - `ხალხს ეუბნებიან, რომ სკოლას სოფლის მაჟორიტარი ააშენებს. გზის მოხრეშვას ახდენენ, მინი ფეხბურთის სტადიონს აშენებენ და ეუბნებიან, რომ ამ ყველაფერს შამგონას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოსო ღურწკაია აკეთებს და ამიტომაც ხმა უნდა მისცეთო~.
ოპოზიციის ამ ბრალდებებსაც ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის უფროსმა ლაშა დამენიამ უპასუხა: `შვებულებაში გასულ მოხელეს კანონმდებლობა არ უკრძალავს, ჩაერთოს საარჩევნო კამპანიაში. რაც შეეხება შამგონას სოფლის რწმუნებულს, მას განცხადება დაწერილი აქვს და შვებულებაშია. ასე, რომ ეს პრობლემას არ წარმოადგენს~. კონსერვატორი დემნა ხუბუა ამბობს, რომ მასობრივად ყველას შვებულებაში გაშვება არჩევნების აბუჩად აგდება და ოპოზიციის არათანაბარ პირობაბში ჩაყენებაა. `სოფლის რწმუნებული თუ მოხსნილია ან შვებულებაშია, რა ესაქმება ყოველდღე სოფლის გამგეობის შენობაში? თუ შვებულებაშია, იქ არც უნდა იყოს და ადმინისტრაციული შენობა არ უნდა გამოიყენოს~, - ამბობს კონსერვატორი დემნა ხუბუა.
მოკლედ, 30 მაისის, არჩევნების შედეგებით გაირკვევა, თუ რამდენად მოახდენს გავლენას მსგავსი, ერთი შეხედვით, `უწყინარი~ და კანონის ჩარჩოებში ჩატეული წანასაარჩევნო კამპანია მოსახლეობაზე.

ქუთაისში პატიმრის მამა გააპოლიტიკურეს

ფრიდონ კერვალიშვილი, იმერეთი

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთანერთად, პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა იმერეთშიც მატულობს.იმის გათვალისწინებით, რომ რეგიონის 11 რაიონში, ცალ-ცალკეაღებული, ყველგან ქუთაისზე მეტი მაჟორიტარი აირჩევა (ზოგანორჯერ მეტიც), იქაური ადგილობრივი პოლიტიკა უპირატესად პიროვნულფაქტორზეა აგებული. აქ ყველა თემს თავისი `გიგი უგულავა~ ჰყავს,თუმცა ისიც სათქმელია, რომ თუ მმართველი პარტიის კანდიდატსოპოზიციონერთაგან ვინმემ თორნესთან მისვლა მიასწრო და შიგჩაიჭყიტა, არჩევნებში მოგება თითქმის გარანტირებული აქვს.
იმის დასაზუსტებლად, პოტენციური ამომრჩეველი მთლად კარგადრომ ვერაა ინფორმირებული, ზემო იმერეთის მაღალმთიან სოფლებშიასვლა სულაც არ გახდა საჭირო. ელექტრონული მედიის ფართო მასებზე`მავნე~ ზემოქმედების დოზის დასადგენად `რეგიონის არჩევანმა~თერჯოლის (სიმონეთი, ბარდუბანი, ძევრი), წყალტუბოს (გუმბრა,რიონი, პატრიკეთი, გეგუთი), სამტრედიისა (კულაში, იანეთი) დატყიბულის (კურსები, ორპირი) 100 ამომრჩეველი გამოკითხა (18-დან40 წლამდე 40 ამომრჩეველი, 41-60 წლისა - 40, ხოლო 61 წელსზემოთ - 20). კითხვარში შეტანილი გვქონდა სამი კითხვა: 1. რაარჩევნები ტარდება? 2. როდის ტარდება იგი და 3. ვის ირჩევთ?
პირველ კითხვაზე სწორი პასუხი 82-მა რესპონდენტმა გასცა.დანარჩენთაგან ყველაზე `პოპულარული~ გახლდათ `მერის არჩევნები~(15), რომლის დაკონკრეტება მესამე კითხვისას მოხდა და ყველაერთხმად გიგი უგულავას ირჩევდა. მეორე კითხვაზე სწორი პასუხისმცოდნე თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა (97) გახლდათ. რაცშეეხება მესამე კითხვას, აქ პირველში შემცდარ ამომრჩეველს სამიცდაემატა და სულ 18-მა გამოკითხულმა ისურვა, რომ 30 მაისსსაარჩევნო უბანში მისულმა აუცილებლად უგულავა უნდა აირჩიოსსაკუთარი თემის დეპუტატად.
იმერეთის რაიონებიდან `ერთიან ნაციონალურ მოძრაობას~ყველაზე დიდი კონკურენცია სამტრედიაში ელის. აქ `ალიანსისაქართველოსთვის~ ლიდერი ჟურნალისტი იმედა გოგავა გახლავთ,რომელიც რესპუბლიკელების რაიონული ორგანიზაციისხელმძღვანელიცაა. იმის გარდა, რომ `ალიანსელებმა~ იგი პარტიულისიის პირველ ნომრად დაასახელეს, მას დაბა კულაშის მაჟორიტარობაცდაეკისრა.
წყალტუბოში, როგორც თავად მმართველი პარტიის აქტივისტებიაცხადებენ, `სიმშვიდის~ დარღვევა ქრისტიან-დემოკრატიულიმოძრაობის რჩეულებს თუ შეეძლებათ. აქ კვლავ `ნაციონალთა~პარტიული სიის მეწინავეა და ქალაქ წყალტუბოს მაჟორიტარადაცკენჭს იყრის ბოლო მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკასაღარეიშვილი. სიის მეორე ნომერი გახლავთ რაიონის ყოფილიგამგებელი მამუკა თევზაძე, რომელსაც რა უნდა მოხდეს, რომ იგივეთანამდებობაზე საკრებულოს წევრებს (წყალტუბოში პროპორციულისისტემით პარტიული სიებიდან 10 თვითმმართველი აირჩევა,მაჟორიტარული პრინციპით კი - 17) შორის არჩევაში ხელი შეეშალოს.
რეგიონის მთავარ ქალაქს რაც შეეხება, აქ პლაკატომანიისპირველი `მსხვერპლი~ რესპუბლიკური პარტიის იმერეთისორგანიზაციის ლიდერი ვლადიმერ ნაკაშიძე გახდა. იგი ქუთაისშინიკეას მაჟორიტარულ ოლქში `ალიანსის~ კანდიდატია.
`ნებადართულ ადგილებში ჩემი პლაკატების გაკვრა საღამოს 11საათზე დავამთავრეთ. იმ უბანში მთელი ღამით გამოირთო დენი დადილით ერთის გარდა, ყველა პლაკატი ჩამოხეული დაგვხვდა. ის ერთიცპოლიციის განყოფილებასთან, სადაც შუქი სულ ანთია. ძალიანგულმოდგინედ უმუშავიათ, თან სპეციალური ტექნიკა აქვთგამოყენებული - აბა, ჩვენს მიერ 12 საათში კიბის დახმარებითგაკრული პლაკატები, 4-5 საათში და ისიც სიბნელეში, როგორჩამოხსნეს~, - აცხადებს ნაკაშიძე.
`ალიანსი საქართველოს~ ქუთაისის ბიუროში გვაცნობეს ჯერკიდევ ეუთოს წარმომადგენელთათვის შეუტყობინებელი ფაქტისთაობაზე. 35-ე საარჩევნო უბნის (სულ ქუთაისში 126 უბანია)კომისიის წევრს ჯემალ ძოწენიძეს უარი ათქმევინეს მოვალეობისშესრულებაზე. ჯერ `ალიანსელები~ ვერ აკონკრეტებენ, ვინ იყოკომისიის `რესპუბლიკელ~ წევრზე ზეწოლის ინიციატორი, მაგრამცნობილია მოტივი, რის გამოც მან `დროებით~ უარი თქვა პოლიტიკაშიყოფნაზე - ძოწენიძის შვილი პატიმარია და იგი სასჯელს რუსთავისშესაბამის დაწესებულებაში იხდის. მას შვილის ქუთაისშიგადმოყვანას დაჰპირებიან და მანაც შეპირების საფასურად იმ დროსთქვა უარი, როცა ახალი წევრით ჩანაცვლება კანონით აკრძალულია.